
ერთ-ერთი საშაურმის თანამშრომლის, 22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილის საქმეზე განაჩენი გამოცხადდება. დასკვნითი სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. სხდომაზე დასკვნით სიტყვას დაცვის მხარე წარმოთქვამს.
ბრალდების მხარეს გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს, დაცვის მხარე კი აცხადებს, რომ საქმეში ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებებია. რაც შეეხება პაპაშვილს, მან რამდენიმე სხდომის წინ დეტალურად გაიხსენა ჩვენებაში მკვლელობის დეტალები.
ცნობისთვის, 22 წლის თამაზ მთივლიშვილი 17 თებერვალს, საკუთარ დაბადების დღეზე, განსაკუთრებული სისასტიკით, ცემის შედეგად, მათ შორის, მწვანილის საჭრელი დაფით მოკლეს. ის რამდენიმე დღის შემდეგ, მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილის საცხოვრებელ სახლში იპოვეს.
მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში 5 პირი მიეცა, თუმცა სამართალდამცავებმა თავდაპირველად 3 პირის დაკავება შეძლეს, მოგვიანებით საერთაშორისო ძებნაში მყოფი, მკვლელობაში ბრალდებული გიორგი პაპაშვილი დააკავეს. მასთან ერთად გაქცეული, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში უკვე მსჯავრდებული ბაირამ ალი გუსეინოვი ამ დრომდე დაკავებული არ არის.
მომხდართან დაკავშირებით უკვე გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია და მსჯავრდებულები არიან მოკლულის მეგობრები, რომლებიც ასევე მთივლიშვილის თანამშრომლები იყვნენ. მსჯავრდებულებს - ვერიკო კაპანაძეს, ლუკა გვენეტაძეს, საბა რობაქიძეს, ბაირამ ალი გუსეინოვის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდნენ.
ბაირამ ალი გუსეინოვს დაუსწრებლად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ლუკა გვენეტაძეს - 5 წლით, საბა რობაქიძესა და ვერიკო კაპანაძეს კი, 4.3-4.3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.