
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოლაპარაკებები არ სურს. ტრამპის თქმით, ზელენსკი, სავარაუდოდ, „ისეთი ადამიანი არ არის, ვისთანაც საქმე უნდა ჰქონდეს“.
თეთრი სახლის ლიდერმა Newsmax-თან ინტერვიუში ასევე განაცხადა, რომ რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა თუ მომხერხდება, ის უკრაინის ამჟამინდელი ლიდერის მონაწილეობის გარეშე იქნება.
„ზელენსკი ისეთი ადამიანი არ არის, ვისთანაც საქმე უნდა გვქონდეს. მას მოლაპარაკება არ სურს. ამბობს, რომ მოლაპარაკება სურს, მაგრამ არ სურს. არა, მე ზელენსკის დიდი გულშემატკივარი არ ვარ. მათ უკრაინა გაანადგურეს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ძირითადი მიზეზი ბარაკ ობამას პრეზიდენტობა იყო, რომლის დროსაც უკრაინა, სავარაუდოდ, „იძულებული გახდა, ყირიმი დაეტოვებინა“. თეთრი სახლის ხელმძღვანელმა დროებით ოკუპირებულ ნახევარკუნძულს „ყველაზე ლამაზი მიწის ნაკვეთი“ უწოდა, რომელიც ყველა მხრიდან ოკეანით არის გარშემორტყმული.
„ყირიმი, უდავოდ, უკრაინის ყველაზე ღირებული ნაწილია. ის ოთხივე მხრიდან ოკეანეთია გარშემორტყმული. დიახ, მართალია. ეს ყველაზე ლამაზი მიწის ნაკვეთია. მე ნამდვილად ვიცი კარგი მიწა“, – თქვა ტრამპმა.
ამასთან, Newsmax-თან ინტერვიუში ტრამპმა უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები სირცხვილად შეაფასა.
„მინდა, რომ ზელენსკიმ შეწყვიტოს და იმავეს ვისურვებ პუტინისგანაც. ზელენსკი კვლავ ურტყამს ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, ის მხოლოდ მსოფლიო ნავთობის ფასებს ზრდის. ვფიქრობ, რომ ეს უბრალოდ სამარცხვინოა“, – განაცხადა ტრამპმა.