რეზონანსი
15.10.2026

ბათუმში ვიქნებით და დავცინებთ იმ პროცესს, თუმცა მონაწილეობას არ მივიღებთ, რადგან შესაძლებლობას არ მივცემთ, რომ რაიმე სამართლებრივი ფორმა, თუნდაც მოჩვენებითი მიეცეს ამ პროცესს, - ამის შესახებ „ფედერალისტების” ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა „ოპოზიციის ალიანსის” ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მათ 25 ოქტომბერს საპროტესტო კამპანიის დაწყება დააანონსეს.

მისივე თქმით, 25 ოქტომბერი იქნება დასაწყისი კამპანიის, რომლის კულმინაციაც 28 ნოემბერს დიდი აქციის სახით, თბილისში იქნება.

"ივანიშვილი ამ სასოწარკვეთილი ნაბიჯით მხოლოდ იმას ავლენს, რომ ის ქართველ ხალხს და მათ თავისუფალ არჩევანს არ ენდობა, რადგან თუ ის პარტიები ცუდია მაშინ ქართველი ხალხი არ უნდა ირჩევდეს მათ, ვისაც კრძალავს. მაგრამ რაც არ უნდა დაწეროს ივანიშვილმა ქაღალდზე, ოპოზიციური პარტიების გეგმა ამით არ იცვლება. ჩვენი გეგმა არის მშვიდობიანი და პრინციპული პროტესტის გაფართოება, იქამდე სანამ ივანიშვილს დათმობებზე არ წამოვიყვანთ. გარდა ამისა, რაც არ უნდა დაწეროს ივანიშვილმა ქაღალდზე ქართველ ხალხი მაინც თავისით გადაწყვეტს, ვის ანდოს საკუთარი მომავალი ივანიშვილის გარეშე”- განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ „ოპოზიციური ალიანსის“ წევრი „კოალიცია ცვლილებებისთვის” მონაწილეობას მიიღებს სასამართლო პროცესებში, მაშინ როდესაც „ალიანსის” წევრი „ფედერალისტები” მასში მონაწილეობაზე უარს ამბობენ, თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, „არ მიაჩნიათ ისეთ განსხვავებად, რომ რაღაც განსხვავებულ მიდგომებად წარმოაჩინონ”.

„ეს არ მიგვაჩნია ისეთ განსხვავებად, რომ რაღაც განსხვავებულ მიდგომებად წარმოვაჩინოთ. ჩვენ ბათუმში ვიქნებით, უბრალოდ პროცესზე არ ვიქნებით, რადგან პროცესად არ ვთვლით. ჩვენ ვიქნებით ბათუმში, რადგან კამპანია უნდა გვქონდეს 18-დან 25 ოქტომბრამდე. ამ პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ. ბათუმში ვიქნებით, დავცინებთ იმ პროცესს, თუმცა მონაწილეობას არ მოვიღებთ, რადგან შესაძლებლობას არ მივცემთ, რომ რაიმე სამართლებრივი ფორმა, თუნდაც მოჩვენებითი მიეცეს ამ პროცესს. ბიძინა ივანიშვილი რომ ამას აკეთებს ჩვენ მივესალმებით, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ცხადს ხდის ფაქტს, რომ მას ეშინია ქართველი ხალხის და ქართველი ხალხი ამაში მას ფასს გადაახდევინებს”, - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×