რეზონანსი
15.10.2026

გლობალურ სატვირთო გადაზიდვებზე რეკორდულად მაღალი ტარიფების შესამცირებლად ამერიკის შეერთებული შტატები ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის ხომალდებისთვის სანქციების შემსუბუქების საკითხს განიხილავს.

მის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება.

აღსანიშნავია, რომ „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემები ნავთობის ტრანსპორტირებას ახორციელებენ ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა რუსეთი, ირანი და ვენესუელა. თუმცა, ოფიციალური პირების განცხადებით, საუბარია სანქციების მოხსნაზე იმ გემებისთვის, რომლებიც გადაზიდავენ არა თავად სანქცირებულ რუსულ ან ირანულ ნავთობს, არამედ ე.წ. ლეგალურ ნავთობპროდუქტებს, ძირითადად სპარსეთის ყურის რეგიონიდან.

კომპანიებს, რომლებსაც სანქცირებული ხომალდებით ნედლეულის გადაზიდვა სურთ, აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტს უნდა მიმართონ განაცხადით.

აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტში კი აცხადებენ, რომ სანქციების შემსუბუქება არ დაეხმარება რუსეთს ნავთობისა თუ ნავთობპროდუქტების გადაზიდვაში.

„როიტერი“ წერს, რომ დისკუსიები მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დროებით მოხსნა სანქციები რუსულ დიზელზე, რასაც მკაცრი კრიტიკა მოჰყვა უკრაინის პრეზიდენტის, ევროპული ქვეყნებისა და ამერიკელი სენატორების მხრიდან. მათი შეფასებით, ეს რუსეთს უკრაინაში ომის დასაფინანსებლად დამატებით შემოსავალს აძლევს.

როგორც „როიტერი“ სტატიაში აღნიშნავს, ნავთობისა და საწვავის მაღალი ფასები დამატებით რისკს წარმოადგენს ტრამპისთვის ნოემბრის შუალედური არჩევნების წინ, სადაც რესპუბლიკელები ცდილობენ კონგრესში კონტროლის შენარჩუნებას.

ექსპერტების აზრით, „ჩრდილოვანი ფლოტისთვის“ სანქციების შემსუბუქება ვერ შეძლებს გლობალური სატვირთო ტარიფების მნიშვნელოვნად შემცირებას, თუმცა შეიძლება, მცირედით გაზარდოს ტანკერების ხელმისაწვდომობა, მაგალითად, ჰორმუზის სრუტეში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×