რეზონანსი
14.10.2026

პროკურორი ლაშა კოტრიკაძე აცხადებს, რომ საქართველოს პროკურატურას თურქეთისთვის არ მიუმართავს და არ მოუთხოვია, ზურაბ ჯაფარიძეს აკრძალვოდა საზღვრის გადაკვეთა.

როგორც კოტრიკაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, რომელიმე საზღვარზე შეჩერების მოთხოვნა არ არის ზურაბ ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეში.

„ფაქტის შესახებ ვიცი, თავად დამიკავშირდა და მითხრა, თურქეთში ვიმყოფები, მივფრინავდი ბრიუსელში, არ მიშვებენ და თქვენგან ხომ არ არის წერილი ან რამე მიმართვა, რომ ჩემი გაფრენის აკრძალვა გქონდეთ მოთხოვნილიო. ვუთხარი, რომ ასეთი მოთხოვნა, რომელიმე საზღვარზე შეაჩერონ და უკან დააბრუნონ, არ არის სისხლის სამართლის საქმეში. ასეთი რაღაც რომ იყოს, მაშინ საზღვრის კვეთაზე თანხმობას რაღა აზრი აქვს, ხომ? თანხმობას აძლევ და შემდეგ სხვა წერილით უკან აბრუნებ. ჩვენი თანხმობით შეუძლია, საზღვარი დატოვოს და ეს თანხმობა აქვს. არაერთხელ წასულა სხვადასხვა საკითხზე და პირველად დამიკავშირდა და მითხრა, რომ პრობლემა შეექმნა“, – აღნიშნა ლაშა კოტრიკაძემ.

„გირჩი — მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად ზურაბ ჯაფარიძემ გაავრცელა ინფორმაცია.

ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ მიფრინავდა ბრიუსელში, სადაც Renew Europe-ის მიწვევით, მონაწილეობა უნდა მიეღო ლიდერთა სამიტში.

„საზღვარზე დამაკავეს. როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან ბანი მადევს თურქეთში შესვლაზე. რაღაც ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან. ხვალ დილით მაბრუნებენ თბილისში“, – დაწერა ზურაბ ჯაფარიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×