
საკონსტიტუციო სასამართლო ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე მომზადებული სარჩელის განხილვას 21 ოქტომბრიდან დაიწყებს. პროცესთან დაკავშირებით შეფასებები აკეთებენ პოლიტიკოსები.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“ თავმჯდომარის მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, თუ ვინმე თვლის, რომ ამ საკითხის განხილვა დანაშაულებრივი პარტიების აკრძალვის გარეშე შეიძლება, მაშინ მათ საზოგადოებას უნდა გასცენ პასუხი, რომლებიც აუცილებლად დასვამენ კითხვებს.
„ვინც ჩათვლის, რომ შეიძლება სხვანაირად შეხედო ამ საკითხს, ვიდრე ის, რომ აკრძალო ეს დანაშაულებრივი რეჟიმის მქონე ეგრეთ წოდებული პოლიტიკური პარტიები, მან პასუხი გასცეს ქართულ საზოგადოებას, რომლებიც აუცილებლად დასვამენ ამ კითხვას, თუ რას აკეთებდით ამ ხნის განმავლობაში, როდესაც დადასტურდა არაერთხელ, რომ „ნაცმოძრაობა“ თავის ფილიალებთან ერთად არის შინაარსობრივად დანაშაულებრივი რეჟიმი.
როდესაც ხარ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, უნდა მიიღო მონაწილეობა იმ საქმეზე, თუ შენი რამე სუბიექტური მიდგომები არ არსებობს ამ საქმესთან დაკავშირებით და ასეთი სუბიექტური მიდგომები ვერ დაინახა საკონსტიტუციო სასამართლომ, ამიტომაც უარი უთხრა აცილებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მის გადადგომას, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის მისი გადაწყვეტილება, ჩემი აზრით ამას შინაარსობრივად და სამართლიანობის თვალსაზრისით არანაირი გამართლება არ აქვს, ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები მხოლოდ სამართლებრივ ჭრილში ვერ განიხილება ხოლმე, მით უფრო ჩვენ ვიცით, რომ სამი თუ ოთხი თვე არის დარჩენილი მისი უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით“, - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
პროცესები საკონსტიტუციო სასამართლოში რამდენიმე დღე გაგრძელდება. საქმეს პლენუმი, შვიდი მოსამართლის შემადგენლობით განიხილავს. „ქართული ოცნება“ ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითხოვს. ახალი სარჩელი პარლამენტის 88 წევრმა საკონსტიტუციო სასამართლოში სექტემბერში შეიტანა.