რეზონანსი
13.10.2026

14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე დასასწრებად თანხმობა, აკრედიტაცია არ მიეცათ ტელეკომპანიების - ,,ტვ პირველისა“ და ,,ფორმულის“ ჟურნალისტებს, - წერს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, აღნიშნული ტელეკომპანიების წარმომადგენლები წლების განმავლობაში დიდ საეკლესიო დღესასწაულებზე არღვევდნენ ტაძრის ტერიტორიაზე მოქმედ შინაგანაწესს და ქმნიდნენ ღვთისმსახურებისთვის შეუფერებელ ვითარებას. ამის მაგალითად დეკანოზს გასულ წელს მომხდარი შემთხვევა მოჰყავს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შეზღუდვის მიზანია საეკლესიო დღესასწაულის მშვიდ გარემოში ჩატარება და არა მედიისთვის ხელის შეშლა.

„აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ ამ ტელეკომპანიების წარმომადგენლები, მიუხედავად მრავალგზის გაფრთხილებისა, წლების განმავლობაში არაერთ დიდ საეკლესიო დღესასწაულზე სისტემატურად არღვევდნენ ტაძრის ტერიტორიაზე მოქმედ შინაგანაწესს, თვითნებურად ტოვებდნენ მედიისთვის სპეციალურად გამოყოფილ სივრცეს და ქმნიდნენ ღვთისმსახურებისთვის შეუფერებელ ვითარებას.

სამწუხაროდ, მრავალჯერ გავმხდარვართ იმის მოწმენი, თუ როგორ ცდილობენ ამ ტელეკომპანიების ჟურნალისტები საზოგადოების ყურადღება დღესასწაულის არსიდან ხელოვნურად შექმნილ დაპირისპირებაზე გადაიტანონ. შედეგად, იჩრდილება დღესასწაულის სულიერი მნიშვნელობა და ფერმკრთალდება ის საზეიმო განწყობა, რომლის გასაზიარებლადაც ათასობით მორწმუნე იკრიბება.

საზოგადოებას შევახსენებთ 2025 წლის 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე მომხდარ ერთ-ერთ შემთხვევას. თანდართული ვიდეოკადრები გადაღებულია თავად ,,ტვ პირველის“ მიერ და ნათლად ასახავს იმ გარემოებებს, რომლებიც ასევე გახდა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ შეზღუდვის მიზანი არ არის მედიის საქმიანობისთვის ხელის შეშლა, არამედ საეკლესიო დღესასწაულის მშვიდ გარემოში ჩატარება, ლიტურგიკული წესრიგისა და მომლოცველთა ინტერესების დაცვა“, - წერს ანდრია ჯაღმაიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×