რეზონანსი
13.10.2026

ინვესტორებისა და "ქართული ოცნების" დაუოკებელი სურვილია ეს, როგორც ჩანს, რომ თბილისში არცერთი კუთხე არ დარჩეს აუთვისებელი და ყველა კუთხეში იყოს ბეტონი და კორპუსი. მივიღეთ ის ვითარება, რომ წელიწადში მინიმუმ ათ დღეს საცობში ვატარებთ , - ამის შესახებ მოძრაობის "სართული - ახალი თაობის ძალა" ლიდერმა, ვადო მაჭავარიანმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "რეზიუმეში" თბილისში სატრანსპორტო პოლიტიკასა და მშენებლობებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, შესაძლებელია ქალაქში არსებული სატრანსპორტო პრობლემების აღმოფხვრა ხიდებისა და მეტრო სადგურების დამატებით, თუმცა, მისივე თქმით, "ქართული ოცნება" უკეთესი პირობებისთვის არაფერს აკეთებს.

"ინვესტორებისა და "ქართული ოცნების" დაუოკებელი სურვილია, როგორც ჩანს, რომ თბილისში არცერთი კუთხე არ დარჩეს აუთვისებელი, ყველა კუთხეში იყოს ბეტონი და კორპუსი. წერეთელზე ისედაც მძიმე სიტუაციაა, რეაბილიტაციის მერე საცობებმაც მოიმატა და მივიღეთ ვითარება, რომ წელიწადში მინიმუმ ათ დღეს საცობში ვატარებთ. ეს მოიცავს 240-იდან 300 საათამდე დროის მონაკვეთს [ეს კვლევა "სართულმა" ჩაატარა].

წერეთელზე განსაკუთრებით რთული ვითარებაა, რადგან სულ დგანან მანქანები. ძალიან კარგი გეგმა იყო, რომ წერეთლის მეტროს დაკავშირებოდა გამოფენა. ეს კომუნისტების დროინდელი გეგმა არის და თავის დროზე სამუშაოებიც იყო დაწყებული. ახლა ამაში ინვესტიციის ჩადება არავის უნდა. მარტო იმაში უნდათ ინვესტიციების ჩადება, რომ ჩაიდგას მოლი, აშენდეს კორპუსები... საერთოდ, ვინ ყიდულობს ამ ბინებს, მაგასაც ვერ ვხვდები. ალბათ, ისევ რუსებისთვის ექნებათ გათვლილი, არაბებისთვის, ირანელებისთვის და ა.შ. ქართველებისთვის ეგ აღარ იქნება უკვე გათვლილი იმიტომ, რომ აღარც არის ამის საშუალება ქვეყანაში, განსაკუთრებით იმის ფონზე, როდესაც დეპუტატის ხელფასი 15 ათასი ლარია, ვეტერანის დახმარება 100 ლარი და პენსია კი იზრდება ახლა 45 ლარით, მაგრამ მაინც სამარცხვინოა.

["ქართული ოცნების" წარმომადგენლები] იმდენად არიან მოწყვეტილი საზოგადოებას, რომ ხალხს სტატისტიკად აღიქვამენ.

არც ისეთი ბიზნესი და არც ისეთი ინვესტიცია არ მინდა, რომელიც მოემსახურება იმას, რომ ქართველი ჩანაცვლდეს, სიმწვანე საერთოდ აღარ იყოს და სატრანსპორტო კოლაფსმაც მოიმატოს.

ჩვენ ყველაფერზე გვაქვს მოფიქრებული გეგმა. შეიძლება, რომ სატრანსპორტო კოლაფსსაც ეშველოს, შეიძლება მეტროსადგურები დაამატონ, არ იყოს სამარცხვინოდ 25 მეტრო სადგური და იყოს 50 მეტრო სადგური. მტკვარზე ოთხი ახალი ხიდის გაკეთება შეიძლება, ერთი გმირთა მოედანზე, ერთი ბელიაშვილზე, ერთი „ვეფხი და მოყმესთან", ერთიც ორთაჭალისკენ. მესმის, რომ ყველაფერს თანხები სჭირდება. ამასაც რომ თავი დავანებოთ, სკოლები ვერ აშენდა და თითო სკოლის აშენებას 20 მილიონი უნდა. ბავშვები შიმშილობენ სკოლებში და სადღაც მაინც რომ დაინერგოს საპილოტედ ის უფასო კვება, ცუდი არ იქნება. ყველაფერი არის დათვლადი და ყველაფერს შეიძლება მივაღწიოთ იმით, თუ ესენი [„ქართული ოცნება"] გაინახევრებენ ხელფასებს, თუ უახლეს მანქანებზე იტყვიან უარს.

ესენი არაფერს არ აკეთებენ მსგავსს, პირიქით, ბენზინის ფასი იზრდება და შემცირებაზე უარს ამბობენ, ფასები სულ უფრო და უფრო მაღლა მიდის, ქვეყანა იცლება, საცობებისა და კორპუსების რაოდენობა კიდევ ემატება და ემატება", - განაცხადა ვადო მაჭავარიანმა

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×