
ოთხივე მსჯავრდებულმა მოგვმართა წერილობითი განცხადებით. თითოეულმა მათგანმა აღიარა დანაშაული, მოინანია გულწრფელად და ითხოვეს საპროცესო შეთანხმების დადება , - ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმის პროკურორმა ვაჟა თოდუამ განაცხადა.
პროკურორი აცხადებს, რომ დაახლოებით ორი კვირის ვადაში ჩაინიშნება სასამართლოს სხდომა, სადაც დამტკიცდება მსჯავრდებულებთან დადებული შეთანხმება.
„მსჯავრდებულებმა, მურთაზ ზოდელავამ, ლაშა ბერიძემ, ირაკლი ჩხვირკვიამ და გური ჟვანიამ აღიარეს დანაშაული, მოინანიეს მათ მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედება და მოგვმართეს განცხადებით, საპროცესო შეთანხმების დადების მოთხოვნით. ბრალდების მხარემ განიხილა, დააკმაყოფილა და დღევანდელ სხდომაზე წარმოადგინა შესაბამისი შუამდგომლობა და ოქმები მათ მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე. თითოეული დოკუმენტი ხელმოწერილია მსჯავრდებულების მიერ. აღნიშნული დოკუმენტები წარედგინა სასამართლოს და წარვადგინეთ სასამართლოში მათ მიმართ საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფის მიზნით. დაახლოებით ორი კვირის ვადაში ჩაინიშნება სასამართლოს სხდომა, სადაც დამტკიცდება მსჯავრდებულებთან დადებული შეთანხმება“, - განაცხადა პროკურორმა.