
საქართველოს პარლამენტმა „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილება, თანმდევ პროექტებთან ერთად, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 78 ხმით მხარი დაუჭირა.
საკითხი პლენარულ სხდომაზე განსახილველად წარადგინა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი შატაკიშვილმა.
კანონის პროექტის თანახმად, იცვლება იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარების, მისი გაგრძელების საფუძვლების შეფასებისა და პაციენტის სტაციონარიდან გაწერის წესი.
კერძოდ, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის დანიშვნიდან თვეში ერთხელ ფსიქიატრიული დაწესებულების სპეციალური კომისია იხილავს და არკვევს, ისევ არის თუ არა სახეზე ის საფუძვლები, რითაც მოხდა მკურნალობის დანიშვნა; კომისიის გადაწყვეტილება, როგორც იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის, ასევე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობის შემთხვევაში, გასაჩივრდება ადმინისტრაციული წესით.
იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის შეფარდებიდან ექვს თვეში ერთხელ ადმინისტრაცია კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, დოკუმენტაციასთან ერთად, სასამართლოს უგზავნის და სასამართლო იხილავს, ისევ არის თუ არა სახეზე ის საფუძვლები, რაზე დაყრდნობითაც პაციენტს შეეფარდა მკურნალობა.
ცვლილების თანახმად, მკურნალ ექიმს კვლავ აქვს უფლებამოსილება, ნებისმიერ დროს მიმართოს კომისიას, თუ მიიჩნევს, რომ პაციენტი ვადამდე გამოჯანმრთელდა.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.