რეზონანსი
13.10.2026

ჩვენ ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე საკუთარი სიცოცხლის ფასად ვდგავართ და მინდა ყველამ გაიგოს, რომ საკუთარ ქვეყანასთან და სამშობლოსთან მიმართებაში კომპრომისი არ და ვერ იქნება - მყავს ორი შვილი და ვიფიცებ მათ, რომ ეს ბოროტები ხელისუფლებაში ვერასდროს ვერ მოვლენ, რადგან ასეთია ქართველი ხალხის ნება და ეს ყველამ უნდა შეიგნოს! - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა გააკეთა.

ღუდუშაურის თქმით, ადამიანის უფლებები და ადამიანის ღირსება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მთავარი ქვაკუთხედია, „ტურები კი პოლიტიკურად უტრიალებენ, რათა აქ რამე ხელჩასაჭიდი ნახონ და საკუთარ ქვეყანას მიადგნენ“.

ღუდუშაურმა ამ კონტექსტში ბოლო დღეებში პენიტენციური სისტემის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და წინა ხელისუფლების პერიოდთანაც გაავლო პარალელი.

„პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში ციხეში ნაწამები და განადგურებული ხალხი მოდიოდა. ადამიანები ციხიდან წინ დღეს საკაცით გაჰყავდათ და სახლში მიჰყავდათ, რათა სტატისტიკურად არ ჩასთვლოდათ, რომ ციხეში იყო გარდაცვლილი. რა თქმა უნდა, ჩვენ ის ხალხი არა ვართ და ვინმემ ისე არ უნდა გაიგოს, რომ თუ მაშინ ასე ხდებოდა, დღესაც უნდა ხდებოდეს, მაგრამ აქ არის ერთი ასეთი საკითხი, რაზეც პირდაპირ უნდა ვთქვათ - ამ ადამიანებს რევოლუციის ერთი ადგილი არა აქვთ, არჩევნებში გამარჯვების ერთი ადგილი არა აქვთ, მაგრამ იციან, რომ ადამიანის უფლებები და ადამიანის ღირსება ჩვენი ხელისუფლების მოსვლის დღიდან მთავარი ქვაკუთხედია. ეს ტურები პოლიტიკურად უტრიალებენ, რათა იქნებ ხელჩასაჭიდი ნახონ და საკუთარ ქვეყანას მიადგნენ.

როდისმე რაღაცაზე წითელი ხაზი ხომ უნდა არსებობდეს?! სადაც არის პრობლემა, რა თქმა უნდა, იქ უნდა იყოს ყველა და უნდა ისმოდეს ხმა. რომელი სულელი იტყვის, რომ დაპატიმრებულ ადამიანთან რაიმე უფლებების დარღვევაზე იყოს საუბარი და ვინმე ჭკუათმყოფელი ამბობდეს, რომ ეს არის ნორმა. მივესალმები ადვოკატების სამართლებრივ ბრძოლას. რა თქმა უნდა, ჩვენ იქ ვართ, სადაც ადამიანის უფლება და ღირსებაა. რა თქმა უნდა, არ შევდივართ იმ სიღრმეში ვინმემ ჩაიდინა თუ არა დანაშაული - რა თქმა უნდა, ყველას უფლება უნდა იყოს დაცული, მაგრამ სადაც სიმართლეა იქ რომ გირტყამენ, რა უფლება აქვთ ტურებს, რომლებიც პირდაპირ ავანგარდში იყვნენ და ხმა არ ამოუღიათ.

ყველამ კარგად გაიგოს, თუ ვინმეს ხელისუფლებაში მოსვლა უნდა, არის ერთადერთი გზა, რომელსაც ესენი ვერ დადგებიან, რადგან ეს არის ხალხის და ქვეყნის ინტერესების გზა. ამათ ეს არ აინტერესებთ და ვერ მოვლენ!

საჯაროდ მაქვს გაკეთებული განცხადება და ახლაც ვუმეორებ: - მყავს ორი შვილი და იმათ ვიფიცებ, რომ ეს ბოროტები ხელისუფლებაში ვერასდროს ვერ მოვლენ, რადგან ქართველი ხალხის ნება ასეთია და ეს ყველამ უნდა შეიგნოს.

ქვეყნის საზღვრის იქეთ ყველა არის სხვა. ქვეყნის შიგნით ვართ ერთი - ამ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ. უნდა ვიცხოვროთ ისეთ ქვეყანაში, სადაც ჩვენი უწმინდესის ბოლო გზაზე ერთად იდგა ერი და ბერი, ღირსეული ქართველები. ასეთი საქართველო გვინდა და ნამდვილად ეგრე იქნება“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×