რეზონანსი
12.10.2026

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე აცხადებს, რომ 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში პარლამენტის წევრებისთვის ხელფასის ზრდა ასახული არ არის.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი დღეს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის პირვანდელ ვარიანტზე შემაჯამებელ სხდომას მართავს.

როგორც კვიჟინაძემ განაცხადა, სამეზობლოსა და რეგიონში საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდაა. მისი თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტი გაზრდილია 2.5 მილიარდი ლარით და გაზრდილი ბიუჯეტის 80% სოციალურად არის ორიენტირებული. კვიჟინაძემ ამ კონტექსტში რიგ სოციალურ მუხლებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 555 მილიონი პენსიების მატებაზე მიდის, 125 მილიონით ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება იზრდება და 520 მილიონით იზრდება “ჩვეულებრივი ადამიანების“, მათ შორის მასწავლებლების, მუშების და სპეციალისტების ხელფასები.

“ამ ბიუჯეტში ამ ეტაპზე დეპუტატების ხელფასები საერთოდ არ არის. აქვე ვიტყვი, რამდენია და რა გამოვა ერთ წელიწადში რომ მოემატოს - გამოდის მილიონზე ცოტა მეტი - მილიონ 300. რომ წარმოვიდგინოთ, პენსია რომ 10 ლარით გაიზარდოს, 111 მილიონი უნდა ანუ პენსიის 1 ლარით გაზრდას 11 მილიონი ლარი უნდა. დეპუტატებისთვის მილიონზე მეტით მატება პენსიონერს რამდენიმე თეთრის დამატება გამოუვა ანუ ეს ერთმანეთთან ვერანაირად ვერ იქნება კავშირში, როგორც სურთ რომ დააკავშირონ“, - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

ცნობისთვის, მაღალი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების, მათ შორის პარლამენტის წევრების და ასევე, მოსამართლეების ხელფასების ოდენობა საბაზისო სახელფასო თანამდებობრივი სარგოსა და პარლამენტის მიერ დადგენილი კოეფიციენტის ნამრავლით განისაზღვრება. 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით საბაზისო ხელფასის ოდენობა იზრდება - საბაზისო ხელფასი მომავალ წელს 1 735 ლარი იქნება, რაც მთელს საჯარო სექტორში იწვევს ხელფასების ზრდას. კანონის თანახმად, ხელფასი მათ შორის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებს უნდა გაეზარდოთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×