
საერთოდ არ გვაქვს ინტერესი, რისთვის იკრიბებიან, რაზე იმსჯელებენ იმიტომ, რომ ყველა მათი განცხადება, არასამართლიანობასა და სიცრუეზეა დაფუძნებული - კაია კალასს რუკა რომ მიუტანო, ვერ გეტყვის საქართველო სად არის, - ამის შესახებ თბილის მერმა, კახა კალაძემ ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში არსებულ ვითარებასაც განიხილავენ.
კალაძის თქმით, მათი მთავარი ინტერესი აგენტურული ქსელის მოყვანაა საქართველოს სათავეში, რათა შემდეგ საკუთარი ინტერესების გასატარებლად გამოიყენონ და გააკეთებინონ, რაც მათ უნდათ, რაც უკრაინაში ხდება.
„საერთოდ არანაირი ინტერესი არ გვაქვს რატომ იკრიბებიან რისთვის ან რაზე იმსჯელებენ. რადგან ყველა მათი მიღებული გადაწყვეტილება და რეზოლუცია არასამართლიანობაზე და სიცრუეზეა დაფუძნებული. შესაბამისად, როდესაც მსოფლიოში, რეგიონში და ახლო აღმოსავლეთში ასეთი გამოწვევები და მძიმე სიტუაციებია, მათ განცხადებებს, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ტყუილით არის გაჯერებული, არანაირი ფასი არ აქვს და ჩვენთვის არანაირ ინტერესს არ წარმოადგენს.
კაია კალასს რუკა რომ მიუტანო, ვერ გაჩვენებს საქართველო სად არის. ყველა ნორმალურ ადამიანს, ვისაც აქვს სწორი დამოკიდებულება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით და ადგილი არ აქვს რაღაც პოლიტიკურ სპეკულაციებს, იცის საქართველოს მნიშვნელობა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, ვიცით რა არის მთავარი ინტერესი - როგორმე თავიანთი აგენტურული ქსელის წარმომადგენლები მოიყვანონ ქვეყნის სათავეში, რომ შემდეგ ქვეყანა საკუთარი ინტერესების გასატარებლად გამოიყენონ და გააკეთებინონ, რაც მათ უნდათ, რაც უკრაინაში ხდება.
ყველამ ძალიან კარგად იცის საქართველოს მნიშვნელობა - ჩვენი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე და სხვა თვალსაზრისითაც საქართველო მოწინავე ქვეყანაა. გადავხედოთ ბოლო წლების განმავლობაში როგორია ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარება, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება არა ისე, როგორც მათ აწყობთ, რომ აგინო, ბილწსიტყვაობა გამოიყენო, შეურაცხყოფა მიაყენო, დააბულინგო განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები. თუ სხვანაირად ფიქრობ, გადაგივლიან. ეს მათთვის დემოკრატიაა, ჩვენთვის არ არის ეს დემოკრატია. სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება და შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს ნებისმიერ ადამიანს და ასეთ ქვეყანას ჩვენ ვაშენებთ“, - განაცხადა კალაძემ.