
რუსეთის ინტერესების გატარების გამო, თავიდან ბოლომდე გაიფუჭეს ურთიერთობა ევროკავშირთან და პარტნიორ სახელმწიფოებთან და მეორე მხრივ, რუსეთთანაც ვერ შეძლეს საუბარი საქართველოს ეკონომიკური თუ პოლიტიკური ინტერესების დაცვის გამო, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, შალვა კერესელიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომ „ყურადღება უნდა გამახვილდეს თბილისის მიერ სოხუმისა და ცხინვალის მიმართ ძალის გამოუყენებლობის გარანტიების გაცემაზე, ასევე სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის დაწყებაზე“.
კერესელიძე ამბობს, რომ მისი პოლიტიკური გუნდი არის ძალა, „ვისაც შეუძლია, აღადგინოს ევროკავშირთან ურთიერთობები და ასევე, ელაპარაკოს რუსეთს ქართული ინტერესების დაცვისთვის“.
„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პირდაპირ განაცხადა, რომ თბილისმა უკვე უნდა დაიწყოს რეალური ფიქრი იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს საზღვრების, ასე ვთქვათ, დაკონკრეტება და გავლება საქართველოს ტერიტორიაზე სამი სახელმწიფოს წარმოშობის შესახებ. აქ არის საუბარი აფხაზეთზე და სამაჩაბლოზე. წარმოგიდგენიათ თქვენ, ერთი მხრივ, რუსეთის ინტერესების გატარების გამო და რუსეთის გავლენების გაძლიერების გამო, თავიდან ბოლომდე გაიფუჭეს ურთიერთობა ევროკავშირთან და ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებთან და მეორე მხრივ, თვითონ რუსეთთანაც ვერ შეძლეს საუბარი საქართველოს ეკონომიკური, თუ პოლიტიკური ინტერესების დაცვის გამო. აქ პირდაპირ გეტყვით, რომ ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, ვისაც შეუძლია, აღადგინოს ეს დაკარგული, დამსხვრეული, დაზიანებული ურთიერთობები ევროკავშირთან და ევროკავშირის წამყვან სახელმწიფოებთან და ასევე, ელაპარაკოს რუსეთს ქართული ინტერესების დაცვისთვის, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხით. რუსეთს რაც უფრო მეტს დაუთმობთ, ნუ გგონიათ თქვენ, რომ პირიქით, მათ გულს მოიგებთ და თქვენს ინტერესებს გაითვალისწინებს. არა, კიდევ უფრო უარესი იქნება. სამწუხაროდ, პროცესები მიდის იქითკენ, რომ საბოლოო ჯამში, ეს ისტორიული სამაჩაბლოს ტერიტორია, იმ გეგმის მიხედვით, რა გეგმაც არაერთხელ გააჟღერეს, უნდათ, რომ მოექცეს რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციის ქვეშ“, - განაცხადა კერესელიძემ.
რაც შეეხება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში არსებულ ვითარებასაც განიხილავენ - დეპუტატი ამბობს, რომ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაზე პასუხისმგებლობა, თავიდან ბოლომდე, საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება.
"ის, რომ საქართველოში განსხვავებული აზრი იდევნება, ის, რომ საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს კრძალავენ, ის, რომ საქართველოში ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია და ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებთან, ევროკავშირის სახელმწიფოებთან ურთიერთობა გაფუჭებულია, ეს, რა თქმა უნდა, ცხადია და ძალიან სამწუხაროა," - განაცხადა კერესელიძემ.
ცნობისთვის, დღეს, ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ.