
"თუ შსს-თან რეაგირება არ მოხდება, მერე პროკურატურასთან გადმოვალ და თუ არაფერს გააკეთებენ, მერე წავალ ივანიშვილის კართან და იქ დავდგები" - ამის შესახებ 12 წლის წინ მლეთაში გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა სოფო ბიბილაშვილი აცხადებს.
სოფო ბიბილაშვილის თქმით, მისი ერთადერთი მოთხოვნაა შვილის პოვნა.
"თუ შსს-თან რეაგირება არ მოხდება, მერე პროკურატურასთან გადმოვალ და თუ არაფერს გააკეთებენ, მერე წავალ ივანიშვილის კართან და იქ დავდგები. ჩემი მოთხოვნაა ერთადერთი - ბავშვის პოვნა. არავის თითს არ ვადებ, არავის ვადანაშაულებ, მინდა, რომ შვილმა მიპოვონ.
მაინცდამაინც გულმა ხომ არ უნდა დამარტყას და მოვკვდე?
სამი კვირაა ველოდები გამოძიების თბილისში გადმოტანას და არც დაურეკავთ და არც უკითხავთ ან რატომ მოვითხოვეთ, საერთოდ არაფერს გვეუბნებიან. უნდათ ალბათ, ისევ თაროზე შემოდონ, მე კიდევ არ გავჩერდები. ჩემსავით ბევრი დედაა გამწარებული და მოვთხოვ ყველას, გამოვიდნენ, დადგნენ ჩემ გვერდით და ერთად ვიპოვოთ სამართალი", - ამბობს სოფო ბიბილაშვილი "TV პირველთან".
ცნობისთვის, 17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა.