
გურამ მაჭარაშვილი ევროპის დღის აღნიშვნას გამოეხმაურა, რომელზეც ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობა“ უკრავდა. პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი ევროკავშირის ელჩის მხრიდან ორმაგ სტანდარტზე საუბრობს.
„პოლიციელებს თავპირს ამტვრევენ, „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესვრიან საქართველოში და ეს მიგაჩნიათ სიტყვის თავისუფლებად და საფრანგეთში რომ თავპირს ამტვრევენ პოლიციელები აქციების მონაწილეებს, მიგაჩნიათ, რომ ზომიერი და პროპორციულია. ეს არის ზუსტად თქვენ მიერ გამოხატული ვითომ ევროპული ღირებულება. ეს არის ის ორმაგი სტანდარტი. ხალხი ხომ ამას ხედავს და განა, რად გიღირთ და რა გადახდები ხდება თქვენ მიმართ, რომ ასე შეიძლება, დაკარგოს სახე დიპლომატმა, რომ შავზე პირდაპირ თქვა, თეთრიაო“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, საფრანგეთში ბოლო რამდენიმე დღეა, მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. მიტინგები სკოლებში სწავლის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით დაიწყო. თავდაპირველად დემონსტრაციებს სკოლის მოსწავლეები მართავდნენ, ხოლო მოგვიანებით მათ სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ. დემონსტრაციები პოლიციელებთან შეტაკებებით სრულდება. ვრცელდება კადრები, სადაც პოლიციელები აქციების მონაწილეების წინააღმდეგ ძალას იყენებენ. სააგენტო „როიტერსმა“ სამართალდამცველების მხრიდან ძალის გამოყენებით გამოწვეული დაზიანებების 28 შემთხვევა დააფიქსირა. დაშავებულთა შორის არის 14 წლის მოზარდიც, რომელსაც ცრემლსადენი გაზის ყუმბარის მოხვედრის შედეგად ყბა დაუზიანდა, 15 წლის მოზარდმა კი ხელის მტევანი დაკარგა. ორ შემთხვევაში რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად ადამიანმა თვალი დაკარგა ან დაუზიანდა. პოლიციის საქმიანობის ზედამხედველი ორგანო 24 შემთხვევას იძიებს.