
"როსპოტრებნადზორმა" რუსეთში ქართული ღვინის გარკვეული მარკების, ასევე მინერალური წყალ "ნაბეღლავისა" და ამ ქვეყანაში ამერიკული კომპანიის ქარხანაში წარმოებული Coca-Cola-ს სასმელების იმპორტი აკრძალა. ამის შესახებ რუსული РБК წერს. როგორც РБК მიუთითებს, შესაბამისი დოკუმენტი რედაქციის განკარგულებაშია, ხოლო ინფორმაცია გამოცემას ალკოჰოლის ბაზარზე არსებულმა წყარომ და სავაჭრო ქსელ "აშანის" (Auchan) პრესსამსახურის წარმომადგენელმაც დაუდასტურეს.
"როსპოტრებნადზორის" დადგენილებიდან გამომდინარეობს, რომ დროებითი სანიტარიული ზომა ევრაზიული ეკონომიკური კომისიის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად მიიღეს. აღნიშნულია, რომ აკრძალვის სიაში მოხვედრილი პროდუქტები არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს ორგანოლეპტიკურ, ფიზიკურ-ქიმიურ და უსაფრთხოების მაჩვენებლებში.
კერძოდ, ახლა რუსეთში იმპორტი აეკრძალა მინერალურ წყალ "ნაბეღლავს", საქართველოში წარმოებულ გაზიან სასმელ Coca-Cola-ს, "ქართული ლუდის კომპანიის" ლუდს, "ძმები ასკანელების" ღვინოსა და კონიაკს, ასევე მწარმოებლების — "თელიანი ველის", "თბილღვინოსა" და "ვაინმენის" ღვინოებს. საცალო ვაჭრობის კომპანიების ასოციაციაში (АКОРТ) РБК-ს განუცხადეს, რომ "როსპოტრებნადზორის" მითითებით, სავაჭრო ქსელებმა აღნიშნული პროდუქციის დახლებიდან ამოღება უკვე დაიწყეს.