რეზონანსი
10.10.2026

ძალადობა არ დადასტურდა, დანაშაულის ნიშნები არ არსებობს - პროკურატურამ გიორგი დავითაძის საქმე, 9 თვიანი გამოძიების შემდეგ, უკვე ოფიციალურად დახურა. შესწავლილია ყველა ვიდეოჩანაწერი, ჩატარებულია არა ერთი საექსპერტო კვლევა მათ შორის- ფონოვიდეოსკოპური და ჰაბიტოსკოპური ექსპერტიზა, გამოკითხულია ათეულობით მოწმე - მსჯავრდებულებიც, თუმცა საგამოძიებო უწყების ცნობით, ძალადობისკენ მიმართული ქმედება არცერთ შემთხვევაში არ გამოკვეთილა. პროკურატურამ დაადგინა, რომ პატიმრის მიმართ პირადი შემოწმების მიზნით, გამოყენებული იყო იძულების პროპორციული ზომა. დადასტურდა ისიც, რომ დავითაძის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და არსებით წინააღმდეგობაში მოდის საქმეზე შეკრებილ უტყუარ მტკიცებულებებთან.

საგამოძიებო უწყება გავრცელებულ განცხადებაში დეტალურად და ქრონოლოგიურად აღწერს ყველა იმ გარემოებას, რაც მსჯავრდებულის დეესკალაციის საკანში გადაყვანასა და მის შემოწმებას მოჰყვა. პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძეს ძალადობის ფაქტი ომბუდსმენის წარმომადგენელთან გასული წლის 26 დეკემბერს საერთოდ არ უხსენებია. ახსენა მხოლოდ მუქარა, თუმცა პირი ვინც პატიმარმა დაასახელა გამოძიების ცნობით, მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში საერთოდ არ მუშაობს. არის კიდევ ერთი გარემოება - დავითაძემ უარი თქვა სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაზე და მიუთითა, რომ მომხდარი ფაქტის დროს არანაირი ფიზიკური დაზიანება არ მიუღია. არც პროკურატურის გადაწყვეტილება გაუსაჩივრებია- მას შემდეგ რაც უარი ეთქვა დაზარალებულად ცნობაზე.

პროკურატურის დასკვნა სახელისუფლებო გუნდისთვის მორიგი დასტურია, რომ დავითაძის ოჯახი და ოპოზიცია სასჯელაღსრულების დაწესებულების დისკრედიტაციის კამპანიას კოორდინირებულად აწარმოებენ. უმრავლესობისთვის ამაზე მეტყველებს საგამოძიებო უწყების განცხადებაში მოტანილი ყველა ის გარემოება, რომელიც გამოძიების დროს გამოიკვეთა.

ნაციონალური მოძრაობა კი დღეს, სხვა ოპოზიციური პარტიების მსგავსად ირწმუნება, რომ გამოძიების შედეგების მიუხედავად მსჯავრდებული დავითაძე მსხვერპლია.

სწორედ ოპოზიციაა ხელოვნური აჟიოტაჟის მთავარი შემოქმედი სახელისუფლებო გუნდისთვის. ქართული ოცნებაში ამბობენ, რომ ნაციონალური მოძრაობა, რომლის ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც არაერთი მძიმე სისტემური დანაშაული ხდებოდა, მათ შორის პენიტენციურ სისტემაში, ახლა სენსიტიური თემით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას უშედეგოდ ცდილობს.

"სპეკულაციურ განცხადებებს და ცრუ ბრალდებებს ნათელი გამოძიებამ უკვე მოჰფინა" - აცხადებს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძემ დასმული კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში ადამიანის უფლებები ყველა შემთხვევაში დაცულია, რადგან სახელმწიფოსთვის მთავარი ჰუმანურობის პრინციპია.

გიორგი დავითაძე, პოლიციელის მკვლელობის მცდელობისთვის 17 წლიან პატიმრობას, განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იხდის. ოფიციალური ინფორმაციით, მან პოლიციელ შალვა ფერაძეს, 8-ჯერ ესროლა, წელის არეში დაჭრა და მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა. ციხეში ყოფნისას სისტემატურად არღვევს სარეჟიმო მოთხოვნებსა და შინა განაწესს, ქმნის კონფლიქტურ სიტუაციებს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს თანამშრომლებს. ამ დარღვევების გამო, დავითაძის მიმართ დისციპლინარული სახდელი 9-ჯერ გამოიყენეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×