
თურქეთში სამართლის საერთაშორისო სამიტი დასრულდა. ორდღიან ღონისძიებას 50-მდე ქვეყნის იუსტიციის მინისტრი, მოსამართლე, ადვოკატი და სხვადასხვა წრის წარმომადგენელი ესწრებოდა. მათ შორის იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალიაც. მინისტრმა შეხვედრები გამართა ალბანელ და რუმინელ კოლეგებთან. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებასა და საქართველოში მიმდინარე რეფორმებს.
თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის მეორე დღეს, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა შეხვედრები გამართა ალბანეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრთან. ტონი გოგუმ განაცხადა, რომ ალბანეთი მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს ძალისხმევას რეგიონში მშვიდობიანი ურთიერთობების დამყარების მიმართულებით და, ამავდროულად, მხარს უჭერს ევროპული ინტეგრაციისკენ მიმავალ საერთო გზაზე:
„ალბანეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს და მტკიცე პოზიცია აქვს მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საკითხზე. ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს ძალისხმევას რეგიონში მშვიდობიანი ურთიერთობების დამყარების მიმართულებით და, ამავდროულად, მხარს ვუჭერთ ევროპული ინტეგრაციისკენ მიმავალ ჩვენს საერთო გზას. საუბარი შეეხო არა მხოლოდ მართლმსაჯულების სფეროში თანამშრომლობასა და ორგანიზებული დანაშაულისა და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, არამედ ისეთ მიმართულებებსაც, როგორიცაა: რეაბილიტაცია, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, იურიდიული დახმარება და პენიტენციურ სისტემებში რეინტეგრაცია. მოუთმენლად ველი მომდევნო თვეებში მინისტრ პაატა სალიასთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას“, - აცხადებს ტონი გოგუ.