რეზონანსი
09.10.2026

„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, ეროვნულმა ბანკმა ნახევარი მილიარდი ლარით დააჯარიმა კრიპტოკომპანია, რომელსაც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ნანა ყეინიშვილი წილს სთხოვდა. მედია ორგანიზაციის ცნობით, ის ორი თვეა ამზადებს ჟურნალისტურ გამოძიებას, თუ როგორ ითხოვდა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის რეგულირებული კრიპტოკომპანიის ბიზნესის წილს. როგორც „რადიო თავისუფლება“ იტყობინება, კომპანიის მფლობელმა წილის დათმობაზე უარი თქვა, რის შემდეგაც ეროვნულმა ბანკმა 572 მილიონი ლარით დააჯარიმა.

როგორც „რადიო თავისუფლება“ წერს, ჟურნალისტური გამოძიებისას გამოიკვეთა ისიც, რომ ყეინიშვილი და მისი ოჯახის წევრები ფლობენ და მართავენ ეროვნული ბანკის რეგულირებულ მომგებიან ბიზნესებს, რაც ბანკის მაღალჩინოსნისთვის კანონმდებლობით აკრძალულია.

„რადიო თავისუფლებამ“ ასევე მოიპოვა დოკუმენტები, რომელთა მიხედვით, ყეინიშვილის შესაძლო კანონდარღვევების შესახებ ინფორმაცია, სულ მცირე, რამდენიმე თვეა იციან ეროვნულმა ბანკმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა.

„რადიო თავისუფლების“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ფარული ჩანაწერი, რომლის მიხედვით, ეროვნული ბანკის მაღალჩინოსანი კომპანია „ბიტექსჩეინჯის“ წარმომადგენლებს ბიზნესის წილს სთხოვს, სუსთან შეთანხმებით, 2024 წელს არის გაკეთებული. „ბიტექსჩეინჯმა“ ჩანაწერი სუსს გადასცა, რასაც ამ დრომდე სამართლებრივი შედეგი არ მოჰყოლია. კომპანიაში კი ეროვნული ბანკი შემოწმებაზე შევიდა და „ბიტექსჩეინჯი“ ნახევარი მილიარდი ლარით დააჯარიმა.

„აღნიშნულ უწყებებს „რადიო თავისუფლებამ“ კითხვები 6 ოქტომბერს გაუგზავნა. შეკითხვების გაგზავნიდან 3 დღის შემდეგ პასუხები არ მიგვიღია, თუმცა ეროვნულმა ბანკმა და მთავარმა პროკურატურამ გამოაქვეყნეს განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ დაწყებულია გამოძიება, რომელიც იკვლევს ეროვნული ბანკის მმართველი საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის შესაძლო მონაწილეობას უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში.

„რადიო თავისუფლების“ გამოძიების მთავარი ფიგურის, ნანა ყეინიშვილის სავარაუდო კორუფციული ფაქტების შესახებ კონკრეტულ კითხვებზე სახელმწიფო უწყებებს პასუხი ჯერ-ჯერობით არ გაუციათ.

ვრცელი საგამოძიებო სტატია, რომელშიც გაიგებთ, როგორ სთხოვა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა ნანა ყეინიშვილმა კრიპტომატების მსხვილი კომპანიის მფლობელს ბიზნესის წილი და სანაცვლოდ მფარველობა და გაფართოებაში დახმარება შესთავაზა დღეს, 9 ოქტომბერს, გამოქვეყნდება. ამავე სტატიაში მოისმენთ სუსთან შეთანხმებით ჩაწერილ ფარულ აუდიოს ეროვნული ბანკის მაღალჩინოსანსა და ბიზნესმენს შორის, რომელიც, საბოლოო ჯამში, იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა“, - წერს „რადიო თავისუფლება“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×