რეზონანსი
08.10.2026

 პატიმრობიდან ერთი თვის შემდეგ, ბრალდებული თამაზ ელიზბარაშვილი დანაშაულს აღიარებს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმებას სთხოვს. გადაწყვეტილების შესახებ პატიმარმა მის პირად "ფეისბუკ" გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსში დაწერა. მუქარის ფაქტზე დაკავებული ელიზბარაშვილი წარდგენილ ბრალს ამ დრომდე არ აღიარებდა და ამტკიცებდა, რომ უდანაშაულო იყო, თუმცა პატიმრობის 37-ე დღეს პოზიცია შეცვალა და დანაშაულის უარყოფას, აღიარება ამჯობინა.

მუქარის შემცველი ვიდეო კი ბრალდებულმა თამაზ ელიზბარაშვილმა მის სოციალურ ქსელში 31 აგვისტოს გამოაქვეყნა.

ვიდეოს წინ თბილისის ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი ინციდენტი უძღოდა. გამოძიების ინფორმაციით, ელიზბარაშვილს წარსულში შეურაცხყოფის გამო ერთ ერთმა დაზარალებულმა შენიშვნა მისცა, ბრალდებული გაღიზიანდა და იქ მყოფ პირებს დაემუქრა. უთხრა, რომ მალე დაბრუნდებოდა და რესტორნის ტერიტორია არ დაეტოვებინათ. პროკურატურის ინფორმაციით დაზარალებულებმა იცოდნენ, რომ

თამაზ ელიზბარაშვილი ფლობდა იარაღს, რომელიც შესაძლოა მათ წინააღმდეგ გამოეყენებინა და უსაფრთხოების მიზნით რესტორნის ტერიტორია დატოვეს.

კადრებში კი ჩანს, რომ მუქარიდან რამდენიმე წუთში, პატიმარი ელიზბარაშვილი შემთხვევის ადგილზე პროკურატურის ინფორმაციით, ანგარიშსწორების მიზნით და უკვე შეიარაღებული ბრუნდება. აკრძალვის მიუხედავად, რესტორანში შედის და ტერიტორიას მხოლოდ მას შემდეგ ტოვებს, რაც რწმუნდება რომ იქ დაზარალებულები უკვე აღარ იმყოფებიან. ამ ვიდეო მტკიცებულებების მიუხედავად, ელიზბარაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ათობით სტატუსში ამტკიცებდა, რომ უდანაშაულოა.

ელიზბარაშვილის გადაწყვეტილების შესახებ უკვე ცნობილია ბრალდების მხარისთვის. დაზარალებულების ადვოკატის თქმით, სამომავლო პოზიციას მას შემდეგ გააჟღერებენ, რაც დაკავებული დანაშაულს ოფიციალურად აღიარებს და მოინანიებს.

ნებისმიერი დამნაშავის მიმართ, ვინც ჩადენილს აღიარებს და მოინანიებს სახელმწიფოს მიდგომა იქნება ჰუმანური ამბობენ მმართველ გუნდში და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ დღეს სახელმწიფო ორიენტირებულია ადამიანსა და მისი უფლებების დაცვაზე.

თამაზ ელიზბარაშვილი ტელეკომპანია "იმედის" თანამშრომლების მუქარის ფაქტზე 1 სექტემბერს დააკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×