
საქართველოს და აზერბაიჯანის სამთავრობოთაშორისი მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შედეგად, 20-წლიანი ვადით გახანგრძლივდა აზერბაიჯანის მხრიდან საქართველოს მიმართულებით ბუნებრივი აირის მოწოდების ხელშეკრულება.
ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბუნებრივი გაზის სრული მოცულობა საქართველოს სოციალური გაზის სექტორის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად იქნება გამოყენებული და შესაბამისად, წარმოადგენს ამ სექტორის უწყვეტი და სტაბილური მომარაგების გარანტიას.
სამთავრობოთაშორისი შეთანხმება ასევე მოიცავდა ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ქართულ სექციასთან დაკავშირებით საოპერაციო ხელშეკრულების გაფორმებას აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანია SOCAR Midstream Operation LLC-თან.
ხელშეკრულებით განსაზღვრულია აღნიშნული მილსადენის არამარტო ფუნქციონირების და სატრანზიტო მარშრუტის შენარჩუნება, არამედ ბაქო-თბილისი-სუფსის მილსადენის და სუფსის ტერმინალის ოპერირების საკითხი.
"ეს იყო მეგობრული და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული მოლაპარაკებები ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანთან, რომელთანაც ურთიერთსასარგებლო შეთანხმებებს მივაღწიეთ.
შეიძლება ცალსახად ითქვას, რომ ეს იყო ისტორიული მნიშვნელობის 20-წლიანი ხელშეკრულებები ისეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიც არის გაზის სოციალური სექტორით უწყვეტი მომარაგება, ასევე ელექტროენერგიის იმპორტი და ასევე, ტრანზიტი.
ასევე, ხაზგასასმელია ის მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც ეხება სტრატეგიულ მილსადენს ბაქო-სუფსას, რომელზეც ასევე 20 წლიან შეთანხმებას მივაღწიეთ. როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნული მილსადენი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არ ოპერირებდა, შესაბამისად, აზერბაიჯანული მხარე იღებს ვალდებულებას, რომ ოპერირებას გააგრძელებს, რაც ქვეყანას დამატებით შემოსავალს მოუტანს", - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე.