
ევროპარლამენტმა თავისი უსაფუძვლო და თავდასხმაზე ორიენტირებული რეზოლუციებით ცხრაჯერ გაისროლა და ცხრაჯერვე ააცილა, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დაგეგმილ რეზოლუციის კენჭისყრას გამოეხმაურა.
მისი თქმით, მიზანი არის იგივე, რაც წლების განმავლობაში, „შანტაჟით როგორმე ჩვენს პოლიტიკურ გუნდს და ჩვენს მხარდამჭერებს, შეგვაცვლევინონ აზრი და ჩვენი ქვეყანა გადაიქცეს პროქსი სახელმწიფოდ“.
„ევროპარლამენტმა თავისი უსაფუძვლო და თავდასხმაზე ორიენტირებული რეზოლუციებით ცხრაჯერ გაისროლა და ცხრაჯერვე ააცილა. ააცილა ქართველი ხალხის ნების ფეხქვეშ გათელვას, სუვერენიტეტის დარღვევას და ისევ და ისევ საკუთარ თავზე უფრო მეტს საუბრობს ასეთი რეზოლუციები, ვიდრე საქართველოს შესახებ ინფორმაციას აწვდის საზოგადოებას. მაშინ, როდესაც კვლავ ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, ახლა საინტერესოა, მანამდე რომ ამბობდნენ, მას ორი უკურნებელი სენი ჭირსო, ახლა რა განმარტებას გააკეთებენ, ორი უკურნებელი სენი დაამარცხა თუ არა მიხეილ სააკაშვილმა.
ჩვენ ვხედავთ, რომ ასეთი რეზოლუციების ფასი იმ ფურცლისაც კი არ არის, რაზეც ის იბეჭდება, მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, როდესაც 720-ადგილიან პარლამენტში მხოლოდ 20-მდე ადამიანი ესწრება რეზოლუციის განხილვას, შემდეგ აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ხოლმე, კიდევ ერთხელ ეს ხაზს უსვამს, რომ ევროპარლამენტში გადაწყვეტილებები არ მიიღება საკითხის შესწავლით ან რაიმე კონკრეტულ საფუძველზე დაყრდნობილი შედეგებით, არამედ ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მიზანია. მიზანი არის იგივე, რაც წლების განმავლობაში, რომ შანტაჟებით როგორმე ჩვენს პოლიტიკურ გუნდს და ჩვენს მხარდამჭერებს, შეგვაცვლევინონ აზრი და ჩვენი ქვეყანა გადაიქცეს პროქსი სახელმწიფოდ, რასაც, რა თქმა უნდა, ისინი ვერ ეღირსებიან“, - განაცხადა გორდულაძემ.
ცნობისთვის, ევროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ რეზოლუციაზე კენჭისყრა გაიმართება ევროპარლამენტში დღეს კენჭს უყრიან რეზოლუციას „საქართველოში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების შესახებ”.
ხუთი პოლიტიკური ჯგუფის რეზოლუციის ერთობლივ პროექტში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი მკაცრად გმობს ქართული ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობებს და მათ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის დაუყოვნებლივ გატანას მოითხოვს.