
პაატა ბურჭულაძის ლირიკა ნაკლებად საინტერესოა, ყველას კარგად გვახსოვს, როგორ ქმნიდნენ რევოლუციურ კომიტეტებს სწორედ პაატა ბურჭულაძის ხელმძღვანელობით, ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი ის იყო, მუდმივად იმეორებდნენ, რომ 4 ოქტომბერს დასრულდებოდა კანონიერად არჩეული ხელისუფლება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „4 ოქტომბერს დასრულდა რევოლუციური სურვილები, სახელმწიფო იდგა თავის ადგილას, დღეს კი ნიანგის ცრემლებით ცდილობენ, გამოძვრნენ ამ მოცემულობიდან“.
„მათ ჩაიდინეს დანაშაული, დიდმა ნაწილმა ეს აღიარა და მოითხოვა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება ბულინგს, ეს ის სამწუხარო მოცემულობაა, რომელსაც ჩვენ არაერთგზის ვაწყდებით ოპოზიციურ ფლანგზე. ისინი საკუთარ თანამებრძოლებსაც არ ინდობენ და მუდმივად ესხმიან თავს, როგორც კი რომელიმე მათაგანი სიმართლეს ხაზს გაუსვამს ან დაწერს იმ რეალურ ფაქტს, რომელიც საზოგადოებამ საკუთარი თვალით იხილა. თუმცა, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის 4 ოქტომბრის მონაწილე პირთა დანაშაულებრივი ქმედებებიც და ის შინაარსიც იმ აღიარებისა და დანაშაულის ხმამაღლა თქმისა, რომელიც მათ ჩაიდინეს 4 ოქტომბერს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
პაატა ბურჭულაძის ციხიდან წერილი 7 ოქტომბერს გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია: „ყველამ ვიცით, რომ „ოცნებასთან“ საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა“.