რეზონანსი
08.10.2026

სამართალდამცველებმა პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 21 პირი დააკავეს და 11 ობიექტი დალუქეს

დღეს, 11:18 34  

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით, 21 პირი დააკავეს, ხოლო 11 ობიექტი დალუქეს, -  განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის  ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსიმა, გრიგოლ გოგოჩაშვილმა გამართულ ბრიფინგზე.

უწყების ცნობით, საპოლიციო ღონისძიებები თბილისში, იმერეთსა და ქვემო ქართლში განხორციელდა.

"სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის აუდიო და ვიდეო ჩაწერის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ დაკავებული პირები, რომლებიც სხვადასხვა ობიექტის მენეჯერები და ადმინისტრატორები იყვნენ, სისტემატურად ხელს უწყობდნენ პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს აღნიშნული საქმიანობის განხორციელებაში. კერძოდ, გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ, ისინი მათ განკარგვაში არსებულ ობიექტებში ქალებს ფართებს უთმობდნენ.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ობიექტების ადმინისტრატორები პროსტიტუციაში ჩაბმულ პირებს კლიენტების მოძიებაშიც ეხმარებოდნენ. სანაცვლოდ კი, ქალების მიერ სექსუალური მომსახურების შედეგად მიღებული ანაზღაურების დიდ ნაწილს თავად იღებდნენ.

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული ობიექტების შემოსავლის ძირითად წყაროს პროსტიტუციის ხელშეწყობის შედეგად მიღებული თანხები წარმოადგენდა.

სამართალდამცველების მიერ სხვადასხვა ობიექტში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულია, უკანონო საქმიანობის შედეგად მიღებული ფული.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს შესაბამის საპოლიციო ღონისძიებებს მსგავსი სახის უკანონო საქმიანობის გამოვლენისა და აღკვეთის, ასევე დანაშაულში ჩართული პირების პასუხისგებაში მიცემის მიზნით." - აღინიშნა ბრიფინგზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×