
რუსეთში ფილტვისმიერი ჭირით სავარაუდო გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, საზოგადოებას შესაძლო საფრთხეებზე სრული ინფორმაცია მიაწოდოს. ამის შესახებ მან ლაივ ჩართვისას ისაუბრა.
ზურაბიშვილის თქმით, რუსეთის განცხადებების ნდობა შეუძლებელია, საქართველო კი, რუსეთთან საზღვრისა და ინტენსიური მიმოსვლის გამო, ერთ-ერთი მოწყვლადი ქვეყანაა.
რუსეთის არაფერი დაიჯერება და ჩვენ გვახსოვს ჩერნობილის შემთხვევა, როგორ დამალა რუსეთმა ძალიუან დიდხანს, არანაირი გამჭვირვალეობა ამ საქმეზე არ ყოფილა. ასევე, ჩინეთმაც, გარკვეულწილად, დამალა კოვიდის დასაწყისი ეტაპი. ეს არის ავტორიტარული რეჟიმების ჩვევა და ასე იცევიან იმიტომ, რომ საიდუმლოდ უნდა იყოს შენახული.
ჩვენ ვართ ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც დგას რუსეთის საზღვარზე, ძალიან ბევრი მისვლა-მოსვლაა ხან ფრენებით და ხან ლარსის გზით, ასე რომ, ცხადია, რომ ჩვენ ვართ ერთ-ერთი დაუცველი ტერიტორია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ახლა უნდა მიეცეს საზოგადოება პანიკას, მაგრამ მოვალეობა იმათი, ვისი პასუხისმგებლობაცაა, ჯანდაცვა, პირველი მოვალეობა მათი არის, რომ აუხსნანს საზოგადოებას რა ხდება, რამდენად წარმოადგენს საზოგადოებისთვის რეალურ საფრთხეს, თუკი ეს საფრთხე რამენაირად განხორციელდება, რა იქნება მაშინ ის ზომები, რაც იქნება მისაღები. ანუ უნდა ესაუბრონ საზოაგდოებას... ჩვენ ვიცით, რომ სხვადასხვა ქვეყნებმა მიირეს გაფრთხილებები და ზომები, იცით, რომ კითხვებია დასმული რუსეთისთვის საერთაშორისო საზოგადოებისგან. მე მაინტერესებს, საქართელოს წარმომადგენლებმა, "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა, დაუსვეს თავიანთ "მეგობარ" რუსეთს რამე კითხვები, რომ გაიგონ რა არის რეალური მდგომარეობა, რომელიც შეიძლება, საჯაროდ გაცხადებული, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ 2 ოქტომბერს, რუსეთის ქალაქ შელეხოვის რაიონულ საავადმყოფოში ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის ლაბორანტი, 28 წლის დარია შიპილოვა, ფილტვისმიერი ჭირით გარდაიცვალა. მისი დაინფიცირების ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, შიპილოვას ჭირის პათოგენის შემცველი სინჯარა შემთხვევით გაუტყდა. რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალური სამსახური (“როსპოტრებნადზორი”) გავრცელებულ ცნობებს უარყოფს და აცხადებს, რომ შიპილოვა „დაუდგენელი ეტიოლოგიის პნევმონიით“ გარდაიცვალა და მის ორგანიზმში პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული მიკროორგანიზმები არ აღმოჩენილა. ასევე, უწყებაში აღნიშნეს, რომ ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტში პათოგენებთან მუშაობისას ავარია არ მომხდარა.