
მარტა კოსის ეს განცხადება არის გამოძახილი იმისა, რაც არის ევრობიუროკრატიის ოფიციალური პოლიტიკა. ჩვენ მისგან და სხვა კომისრებისგან, ახლა, ამ ეტაპზე რაიმე განსხვავებულ განცხადებას არ ველით, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა.
დეპუტატი გამოეხმაურა გაფართოების საკითხებში ევროკომისრის მარტა კოსის განცხადებას, რომ ისურვებდა, საქართველო იმავე დონეზე ყოფილიყო, რაზეც მოლდოვა და უკრაინაა.
თენგიზ შარმანაშვილის თქმით, მოქმედი ევრობიუროკრატებისგან საქართველოს ხელისუფლება ახალს არაფერს ელის.
„ამ ეტაპზე ამ ინერციით მოძრაობენ ისინი. მათ ძალიან უჭირთ იმის აღიარება, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაპრაგმატულ და რაც მთავარია უსამართლო პოლიტიკას ეწეოდნენ საქართველოსთან მიმართებაში. უზარმაზარი შეცდომები აქვთ დაშვებული. ის, რომ მათ უბიძგეს თუნდაც რადიკალურ ოპოზიციას, რომ არ ჰქონოდათ ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან ურთიერთობა, არ მიეღოთ მონაწილეობა ლეგიტიმურ ორგანოებში - პარლამენტში და ის 61 კაცი, რომ არ ზის ახლა პარლამენტში და ოპონირებას არ უწევს საქართველოს ხელისუფლების მმართველ პარტიას, ეს მათი დამსახურებაა, ამ ევრობიუროკრატების დამსახურებაა.
ძალიან უჭირთ ამ სიტუაციიდან გამოსვლა. ძალიან რთულია აღიარონ, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ფუჭ და უსამართლო პოლიტიკას ეწეოდნენ. ამიტომ უახლოეს მომავალში რაღაც დიდ შემობრუნებას არ უნდა ველოდოთ“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
მისი თქმით, ის, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკების პროცესი გაიხსნა, არ ნიშნავს, რომ ეს ორი ქვეყანა ხვალ ევროკავშირის წევრები გახდებიან.
„რა თქმა უნდა ეს ასე არ მოხდება“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება გაჰყვება იმ გზას, რომელიც ევროკავშირთან ინტეგრაციის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებით აქვს ჩვენს ქვეყანას აღებული. თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, აქედან 80% საქართველოს შესრულებული აქვს.