
სახელმწიფო დიუშენის სამკურნალო კიდევ ერთ პრეპარატს იყიდის - როგორც ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მოლაპარაკებები დადებითად დასრულდა კიდევ ერთ პრეპარატ „ვამოროლონის“ შეძენასთან დაკავშირებით. პრემიერის თქმით, ამ დროისთვის მხოლოდ ტექნიკური პროცედურებია დარჩენილი.
„დიუშენის სამკურნალო კიდევ ერთ პრეპარატ „ვამოროლონის“ შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დადებითად დასრულდა. დარჩენილია ტექნიკური პროცედურები. გაიცვლება ხელშეკრულების ხელმოწერილი ვერსიები, რის შემდეგაც სახელმწიფო ამ პრეპარატს შეისყიდის. სახელმწიფო პროგრამაში „ვამოროლონის“ დამატებით დიუშენის დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის კიდევ ერთი თანამედროვე პრეპარატი გახდება ხელმისაწვდომი. ის, რა თქმა უნდა, სრულიად უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი პაციენტებისთვის. რაც შეეხება „ჯივინოსტატს“, ის უკვე საქართველოშია და უახლოეს დღეებში დაიწყება პრეპარატის გაცემა პაციენტებზე.
ასევე, შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებისთვის ინოვაციური პრეპარატის, „ტრიკაფტას“ შეძენის თაობაზე, რომელიც ასევე სრულიად უფასოდ იქნება პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი და მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს პაციენტების მდგომარეობას“, - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზით 100-მდე ბავშვია აღრიცხული. ეს გენეტიკური დაავადებაა, რომელიც ადრეულ ასაკში კუნთების დასუსტებას და ფატალურ შედეგს იწვევს.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები ორ თვეზე მეტხანს, თბილისში, კანცელარიასთან უწყვეტ აქციას მართავდნენ და შვილებისთვის წამალს ითხოვდნენ. მოგვიანებით, ისინი ირაკლი კობახიძეს შეხვდნენ და წამლის შემოტანაში დასახმარებელად გარანტიები მიიღეს.