
ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მიმდინარეობს ტალღმტეხის მშენებლობა, ისევე, როგორც დაღრმავებითი სამუშაოები და სათანადო ვადებში, 2029 წლისთვის, უკვე დაგეგმილია პროექტის პირველი ფაზის დასრულება, ჩვენი გეგმის მიხედვით, პირველი გემები ანაკლიაში 2029 წელს უნდა შემოვიდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ანაკლიის პორტის განვითარება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.
„შევეხები ნავსადგურებს. ანაკლიის პორტის განვითარება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. ჩვენ მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება, ე.წ ლენდლორდის მეთოდით ამ პორტის განვითარების შესახებ, რაც ნიშნავს იმას, რომ ძირითად საბაზისო ინფრასტრუქტურას განავითარებს სახელმწიფო. მასზე საკუთრების უფლება ექნება სახელმწიფოს და შემდეგ ტერმინალები უკვე გადანაწილდება საოპერაციოდ სხვადასხვა პარტნიორზე, ქვეყანასა თუ კომპანიაზე. ამან გამოიწვია ინტერესის სერიოზული, ფუნდამენტური ზრდა ანაკლიის პორტის მიმართ, შესაბამისად, ეს იყო ძალიან სწორი და პრინციპული გადაწყვეტილება. როცა ვსაუბრობთ ანაკლიაზე, მინდა, ვახსენო, რომ ჩვენ 51 მლნ დოლარით შევამცირეთ კონტრაქტი, რომელიც იყო დაკავშირებული ინფრასტრუქტურის სამუშაოებთან. 204 მლნ დოლარიდან 153 მილიონამდე შემცირდა კონტრაქტის ღირებულება. დავინახეთ, რომ იყო ოპტიმიზაციის შესაძლებლობა, ამაზე იმუშავა ეკონომიკის სამინისტრომ და სახელმწიფოს დავუზოგეთ მთლიანობაში 50,9 მლნ დოლარი, ხელშეკრულების ოპტიმიზაციის შედეგად. ეს თანხა სავსებით საკმარისი იყო შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებისათვის. ეს სამუშაოები აქტიურად წარიმართება. ტალღმტეხის მშენებლობა, ისევე, როგორც დაღრმავებითი სამუშაოები და სათანადო ვადებში, 2029 წლისთვის, უკვე დაგეგმილია პროექტის პირველი ფაზის დასრულება და პირველი გემები ანაკლიაში 2029 წელს უნდა შემოვიდეს, ჩვენი გეგმის მიხედვით“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ასევე, დასრულდა ნავსადგურამდე მისასვლელი 18-კილომეტრიანი სარკინიგზო მონაკვეთის პროექტირება.
„ასევე, დასრულდა ნავსადგურამდე მისასვლელი 18-კილომეტრიანი სარკინიგზო მონაკვეთის პროექტირება. მსოფლიო ბანკმა გამოაცხადა ბაზრის კვლევა და თვის ბოლომდე უკვე გამოცხადდება ტენდერი. შესაბამისად, სათანადო ვადებში განხორციელდება სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი. ასევე, როდესაც საუბარია გაციფრულებაზე, ამ შემთხვევაშიც, ისევე, როგორც რკინიგზაში, გაციფრულდა სერვისები და გემების მიღების პროცედურები 24 საათიდან ერთ საათამდე შემცირდა. ამან ხელი შეუწყო ტვირთნაკადის ზრდას და ჩვენ რომ ვსაუბრობთ 30%-იან ზრდაზე ნავსადგურებში, მათ შორის, ეს არის ამის შედეგიც“, - განაცხადა პრემიერმა.