რეზონანსი
28.09.2026

2028 წლამდე გარე ძალები კიდევ შემოგვთავაზებენ გადალაგების ახალ სქემებს, თუმცა, ნუ დაავიწყდებათ, რომ წინ აქვთ სასამართლო პროცესი თავიანთი აგენტურული პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით! - ამის შესახებ „ქართულ ოცნების“ დეპუტატი ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, „მას შემდეგ, რაც უცხო ძალები დარწმუნდნენ, რომ უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ სისხლიანი წარსულის ჩამორეცხვა შეუძლებელი იყო და მხოლოდ მათზე ფსონის დადებით ქართველ ხალხთან ყველა არჩევნები წააგეს, რამდენიმე ახალი პარტია ხელოვნურად გააჩინეს“. მაჭავარიანი ამ კონტექსტში გიორგი გახარიას პარტიასა და პარტია „ახალზე“ საუბრობს.

„სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ოპოზიციური პარტიების უდიდესი უმრავლესობა უცხო ძალების მორჩილებაში მყოფი აგენტურული ჯგუფია, რომელსაც „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ ვუწოდებთ. ისინი ერთი ვერტიკალით იმართებიან. მათმა პატრონებმა ბევრჯერ სცადეს ჩვენი საზოგადოების მოტყუების მიზნით აგენტურის სხვადასხვა კონფიგურაციით გადალაგება, თუმცა ყოველი ასეთი მცდელობა კრახით დაუსრულდათ. რა თქმა უნდა, ამ ქსელის განუყოფელი ნაწილია ე.წ. მდიდარი NGO-ორგანიზაციებიც.

მას შემდეგ, რაც უცხო ძალები დარწმუნდნენ, რომ უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ სისხლიანი წარსულის ჩამორეცხვა შეუძლებელი იყო და მხოლოდ მათზე ფსონის დადებით ქართველ ხალხთან ყველა არჩევნები წააგეს, რამდენიმე ახალი პარტია ხელოვნურად გააჩინეს.

ასეთია „გახარიას პარტიაც“, რომელიც პოლიტიკაში მაშინ შემოაბრუნეს, როდესაც „ქართული ოცნებისთვის“ შარლ მიშელის მედიაციით 2021 წლის არჩევნებზე 43-პროცენტიანი ბარიერი დაწესდა. მისი არასაჯარო მესიჯის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პროექტი იყო. სწორედ ამ მესიჯს ავრცელებდა იგი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებში. გარე ძალების გათვლა ამ გზავნილით გახარიას მიერ ჩვენი ამომრჩევლის წაყვანა და ბარიერის გადალახვაში ხელის შეშლა გახლდათ.

როდესაც 2021 წლის არჩევნების შემდეგ გახარიამ ღიად და დაუფარავად ოთხ მუნიციპალიტეტში „ნაცებთან“ ერთად კოალიციები შექმნა, მისი „კოლექტიური ნაცობა“ იმდენად გამოაშკარავდა, რომ უცხოელ პატრონებს რაღაც რადიკალურად უნდა შეეცვალათ.

2024 წლის უმნიშვნელოვანესი არჩევნებისთვის აგენტურის კონფიგურაციის მორიგი გადალაგება დაიწყო. „ლელო“ და „გახარიას პარტია“ მაქსიმალურად უნდა გაემიჯნათ „კოლექტიური ნაცებისგან“ და მათი მეშვეობით ე.წ. ნეიტრალური და გადაუწყვეტელი ამომრჩეველი უნდა მოეზიდათ.

ამასთანავე, „ნაცებს“ და მის უშუალო დანამატებს რადიკალ ამომრჩეველზე უნდა ემუშავათ, „ლელოს“ სეგმენტი „ნახევრად რადიკალები“ უნდა ყოფილიყვნენ, ხოლო „გახარიას პარტია“ „ვითომ კონსტრუქციულ“ ძალად უნდა პოზიციონირებულიყო.

იმისთვის, რომ გარანტირებული ყოფილიყო უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალი ამომრჩევლის სრულად შენარჩუნება, გააჩინეს პარტია „ახალიც“.

ამ გზით მოხდა ერთი ვერტიკალის ქვეშ მყოფი აგენტურული ქსელის მაქსიმალური დივერსიფიცირება.

2025 წლის არჩევნების შედეგი აგენტურის უცხოელი პატრონებისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო. პროგრამა მინიმუმი „ლელოს“ და გახარიას „კოლექტიური ნაცებისგან“ გამიჯვნის პროცესის გაგრძელება, ხოლო მაქსიმუმი 4 ოქტომბრის რევოლუცია იყო. დანარჩენ აგენტურას ბოიკოტი გამოაცხადებინეს და არჩევნებში მხოლოდ ამ ორ პარტიას მიაღებინეს მონაწილეობა. ამით კვლავ შეეცადნენ იმ ილუზიის შექმნას, რომ ეს პარტიები დამოუკიდებელ დღის წესრიგს აყალიბებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×