
ესპანეთის ქალაქ ესტეპონაში პოლიციამ საცხოვრებელ სახლში ე.წ. წამების ოთახი აღმოაჩინა, საიდანაც ორი მამაკაცი გაათავისუფლა. გამოძიების მიხედვით, ისინი სასტიკად იყვნენ ნაცემი და სახლში ძალით ჰყავდათ გამოკეტილი.
საქმეზე შვიდი ადამიანი დააკავეს. ესპანური მედიის ინფორმაციით, დაკავებულები საქართველოს მოქალაქეები არიან. სახლში სამართალდამცველებმა ასევე აღმოაჩინეს ორი AK-47 ტიპის ავტომატი და პისტოლეტები.
ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთი მამაკაცი, მაროკოს მოქალაქე, სამუშაოსთან დაკავშირებული შეხვედრისთვის ესტეპონაში მდებარე სახლში წავიდა. მან პარტნიორს წინასწარ უთხრა, რომ თუ დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში მისგან არაფერი ეცოდინებოდა, პოლიციისთვის დაერეკა.
მამაკაცისგან შეტყობინების მოლოდინში დაახლოებით 40 წუთი გავიდა. ქალი შეშფოთდა, რომ მისი პარტნიორი შესაძლოა, საფრთხეში ყოფილიყო და ესპანეთის ეროვნულ პოლიციაში დარეკა.
პოლიციის ეკიპაჟი მისამართზე მალევე მივიდა. სამართალდამცველებს კარი არავინ გაუღო და სახლიდან პასუხიც არ იყო. იმის შიშით, რომ შენობაში შესაძლოა, მძიმე დანაშაულს ჩადიოდნენ, პოლიციელებმა ღობეზე გადაძრომა გადაწყვიტეს.
სწორედ ამ დროს სახლიდან ერთ-ერთი მამაკაცი გამოვიდა. ის შიშველი და სისხლიანი იყო, ესპანური მედიის ცნობით, კაცი ყვიროდა, რომ მოკვლას უპირებდნენ. პოლიციელებმა მაშინვე დამატებითი ძალები გამოიძახეს და სახლში შევიდნენ.
ოთახი მთლიანად პლასტიკით იყო დაფარული სამართალდამცველების წინაშე შემზარავი სურათი გადაიშალა. ერთ-ერთი ოთახი იატაკიდან კედლებამდე პლასტიკის ფენით იყო დაფარული. ოთახში აღმოჩნდა სხვადასხვა ნივთი, მათ შორის ხელსაწყოები, რომლებიც, გამოძიების ვერსიით, ადამიანების წამებისთვის შეიძლებოდა ყოფილიყო გამოყენებული.
ოთახში კიდევ ერთი მამაკაცი იპოვეს. ის სკამზე იყო მიბმული და სხეულზე სისხლისა და დაზიანებების კვალი აღენიშნებოდა. ესპანური მედიის ინფორმაციით, დაზარალებულებიდან ერთი ესპანეთის, ხოლო მეორე - მაროკოს მოქალაქეა.
გამოძიების ფარგლებში ამოღებულია ორი AK-47 ტიპის ავტომატი, ასევე პისტოლეტები. ესპანურმა მედიამ ეს ყველაფერი "საომარ იარაღად“ აღწერა.
რამდენიმე ესპანური გამოცემის ინფორმაციით, დაკავებულია საქართველოს შვიდი მოქალაქე. მათ, სავარაუდოდ, აღმოსავლეთ ევროპის ორგანიზებულ კრიმინალურ ჯგუფთან აკავშირებენ.
შვიდივე დაკავებულს, გამოძიებასთან დაახლოებული წყაროების ცნობით, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მათ წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფში მონაწილეობისთვის, წამებისთვის, გატაცებისა და მკვლელობის მცდელობის გამო ეჭვის საფუძველზე.
გამოძიების ერთ-ერთი მთავარი ვერსია ნარკოტიკებთან დაკავშირებულ ანგარიშსწორებას უკავშირდება. ესპანური მედიის ინფორმაციით, გამომძიებლები განიხილავენ შესაძლებლობას, რომ ორი მამაკაცი ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფთან დაკავშირებული დავის გამო ჰყავდათ დაკავებული და აწამებდნენ. ესპანური მედიის ინფორმაციით, საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა საქმეში ინტერპოლიც ჩაერთოს.
ambebi.ge