რეზონანსი
21.09.2026

 პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ გადაცემა "დებატებში" "კოლექტიური ნაცმოძრაობის" მმართველობის პერიოდის სისტემურ დანაშაულებზე, პენიტენციურ სისტემაში წამებაზე, ბიზნესის რეკეტსა და მედიის მიტაცებაზე ისაუბრა. მან ყურადღება გამახვილა 2008 წლის ომის შემდგომ მიღებულ რეზოლუციებსა და "ქართული ოცნების" მიერ ქართველი სამხედროების ღირსების დაცვაზე, ასევე ოპოზიციის მიერ წარმოებულ დესტრუქციულ კამპანიასა და ხელისუფლების უცხოური ჩარევით თუ რევოლუციური გზით შეცვლის მცდელობებზე.

"ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს "ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ" საქმე, სადაც სტრასბურგის სასამართლომ მიუთითა, რომ 2004-2012 წლებში პენიტენციურ დაწესებულებებში წამება და არაადამიანური მოპყრობა სისტემური და სისტემატიური დანაშაული იყო. ასევე, გვახსოვს ბიზნესის რეკეტი, რომელშიც პირდაპირ იყვნენ ჩართულები პოლიტიკური პარტია "ლელოს" დამფუძნებლები და ლიდერები, რაც დასტურდება 2025 წლის საქართველოს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შესაბამისი დასკვნით.

ეს ადამიანები ფეხქვეშ თელავდნენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, ასევე მედიაპლურალიზმს. მათ ათეულობით მედიაორგანიზაცია პირდაპირ ჩაიგდეს ხელში, რისი კლასიკური მაგალითიც "რუსთავი 2-ის" მიტაცებაა. მოგვიანებით კი, როდესაც სასამართლო პროცესების გზით ტელევიზია ლეგიტიმურ მესაკუთრეს უბრუნდებოდა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი და სხვა დიპლომატები, ადგილობრივ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებულ პირებთან ერთად, საქმის პოლიტიზებას ცდილობდნენ, თუმცა საბოლოოდ სტრასბურგის სასამართლოში დამარცხდნენ.

ცალკე აღნიშვნის ღირსია მათი მილიტარისტული ქმედებები და ნარატივები. 2006 წელს ახალგორსა და საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად სხვა ტერიტორიებზე ჩაატარეს ე.წ. პარალელური და ალტერნატიული არჩევნები, რითაც შეეცადნენ, ირიბად გაემართლებინათ სეპარატისტული რეჟიმის არჩევნები. 2007 წელს იმ ტერიტორიაზე, რომელიც ზვიად გამსახურდიას მიერ იყო გაუქმებული, ადმინისტრაციული ერთეულის სახით საზღვრები შემოხაზეს. კოდორის ხეობას "ზემო აფხაზეთი" უწოდეს და იქ ისეთი სამხედრო ნაწილები და თანამედროვე ტექნიკა შეიყვანეს, რაზეც გაერომაც კი შეშფოთება გამოთქვა და მიიჩნია, რომ მსგავსი რამის გაკეთება წარმოუდგენელი იყო.

ეს ყველაფერი გრძელდება შემდეგ 2008 წლის ომში და ამ ომიდან ორ თვეში 16-33 რეზოლუციას მხარი დაუჭირეს, სადაც შავი-თეთრზე ეწერა, რომ რუსეთის ქმედებები თურმე საპასუხო იყო. ამავე დოკუმენტში, 11 პუნქტში მითითებული იყო კითხვის ნიშნები იმის თაობაზე, დაარღვიეს თუ არა ქართველმა სამხედროებმა ჰუმანიტარული სამართალი და ჩაიდინეს თუ არა ომის დანაშაული. ამ ყველაფერს მხარი დაუჭირა კოლექტიურმა "ნაციონალურმა მოძრაობამ", რომლის ერთ-ერთი იმდროინდელი წევრი, გიორგი თარგამაძე, ახლა მათ მიერ მართული ტელევიზიის წამყვანი თუ ერთ-ერთი დამფუძნებელია. მათ ასევე მხარი დაუჭირეს ტალიავინის დასკვნას.

დიდება გმირებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას შეეწირნენ. დიდი პატივისცემა და მადლობა ჩვენს სამხედროებს დაღვრილი სისხლისა და თავდადებისთვის! რომ არა "ქართული ოცნება", ჩვენი გუნდი, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ჩართულობა, სამხედროების მიმართ კითხვის ნიშნები კვლავ იარსებებდა. ჩვენ ეს ბრალდებები გავანულეთ და დღეს არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ვინმემ კითხვის ნიშანი მაინც დასვას, ან სამართლებრივ შეფასებებში შევიდეს, ჩაიდინეს თუ არა ჩვენმა სამხედროებმა ომის დანაშაული. კოლექტიურმა "ნაცმოძრაობამ" კი მათ დასაცავად არაფერი გააკეთა, პირიქით - ბრალდებებს მხარი დაუჭირა.

2012 წლის შემდეგ ისინი კვლავ აგრძელებენ დესტრუქციულ ქმედებებს, რომლებიც მიმართულია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და მშვიდობიანი პოლიტიკის წინააღმდეგ. ამ პოლიტიკის მიზანი არა მხოლოდ ტერიტორიების დაბრუნება, არამედ, პირველ რიგში, ჩვენი ოსი და აფხაზი დებისა და ძმების დაბრუნებაა. ამის წინააღმდეგაა მიმართული სულ რამდენიმე დღის წინანდელი კამპანია: ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, მიხეილ სააკაშვილის, თამთა მიქელაძისა და გია ბარამიძის განცხადებები, რომლებიც ზუსტად მშვიდობიანი პოლიტიკის საწინააღმდეგოდ არის გამიზნული.

2016 წლიდან სხვადასხვა სიმძაფრით მიმდინარეობს ხელისუფლების დელეგიტიმაციის მცდელობები. 2016, 2019, 2020, 2021 და განსაკუთრებით 2022 წლიდან, ჩვენ ვიხილეთ რევოლუციის გზით ხელისუფლების შეცვლის ხუთი მცდელობა ოთხ წელიწადში. კოლექტიური "ნაცმოძრაობა" თავისას არ იშლის. მიუხედავად იმისა, იქნებიან ეს ძველი თუ ახალი "ნაცები", "ლელო" თუ გახარიას გუნდი, მათი იდეა და მიზანი ერთი და იგივეა: რადგან არ შეუძლიათ ქართველ მოსახლეობასთან მისვლა და წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება, გარბიან უცხოეთში და ცდილობენ, საარჩევნო კამპანიები უცხოელი აქტორების დახმარებით აწარმოონ," - აცხადებს არჩილ გორდულაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×