
ე.წ. არაბიზაცია არის დივერსიული ჯგუფების მიერ გამოგონილი სიცრუე - არანაირი არაბიზაცია არ ხდება! - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, გიორგი სოსიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც “იგლ ჰილსის” წინააღმდეგ პროტესტს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, რადიკალების და მათი დამფინანსებლების მიზანი “იგლ ჰილსის” პროექტის ჩაშლაა, რადგან მათ სურთ, რომ მუდმივი არეულობა და ეკონომიკური რეგრესი იყოს.
“ე.წ. არაბიზაცია არის დივერსიული ჯგუფების მიერ გამოგონილი სიცრუე. არანაირი არაბიზაცია არ ხდება. ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას ხელს უწყობს ახალი ინვესტიციები და ეს ინვესტიცია ხორციელდება “იგლ ჰილსის” მიერ. რადიკალების და მათი დამფინანსებლების ქმედებები მიემართება იმისკენ, რომ როგორმე ჩაშალონ ეს პროექტი და ჩვენს სახელმწიფოს სერიოზული ეკონომიკური დარტყმა მიაყენონ. მათ ძილს უფრთხობს საქართველოს ეკონომიკური წინსვლა, განვითარება და ყოველ ჯერზე ახალ-ახალი სცენარების განხორციელებას ცდილობენ. არ უნდათ რომ ქვეყანა განვითარდეს. უნდათ რომ იყოს მუდმივი არეულობა, ეკონომიკური რეგრესი, რომ მერე თავიანთი სცენარები განახორციელონ,” - განაცხადა სოსიაშვილმა.
ცნობისთვის, 20 სექტემბერს თავისუფლების მოედანზე, ე.წ. „არაბული ქალაქების“ მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა, რომელიც გაერთიანება „კონსერვატორებმა” დააანონსეს. ორგანიზატორების აცხადებდნენ, რომ აქცია საქართველოში დაგეგმილ საინვესტიციო პროექტებს უკავშირდება, მათ შორის თბილისში, კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორიაზე დაგეგმილ პროექტს.