
თუშეთში, ორი კვირის წინ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 34 წლის სიმონ ხეჩასშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო მანქანაში მყოფი სხვა პირები სიკვდილს სასწაულად გადაურჩნენ. „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი, რომელსაც სიმონი მართავდა და რომელშიც სულ 5 ადამიანი იმყოფებოდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამობრუნდა. სამწუხაროდ სიმონ ხეჩასშვილი ადგილზე გარდაიცვალა. დაშავდა ოთხი ადამიანი, რომლებიც კლინიკებში გადაიყვანეს. დაშავებულებს შორის არიან ლაგოდეხიდან დები ელენე და ტასო მოდებაძეები. ერთ-ერთი მათგანი, ელენე მოდებაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„თუკი რაიმემ ერთიანად ჩამომაბერა და დამასუსტა ცხოვრებაში, ჯერ მამიკოს გარდაცვალება იყო და მერე ეს ავარია. ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი ამ უკანასკნელს, თან ჩემთვის ძვირფას და ღმერთების სამყოფელ თუშეთში. ცოცხალი მხოლოდ ერთი განწირული ყვირილის გამო ვარ: "ელე, არ მომიკვდე!" რომ არა ჩემი დის და ჩემი დაქალის ხმა, დანებებული ვიყავი...
რაც იყო, იყო. ვუძლებ ფიზიკურ ტკივილებს. რამდენიმე თვით დაპაუზებულ ნორმალურ ცხოვრებას. აუტანელ სიზმრებს, რომელშიც თავიდან ხდება ყველაფერი. ვლოცულობ უკარგესი ბიჭის სულზე, თავი ფრენისთვის რომ გაიმეტა. ფეხმოტეხილ დედაჩემზე, რომელიც გაუსაძლისი ტკივილების ფასად გვივლის ახლა ორივე შვილს.
მადლიერი ვარ ჩემი მეგობრების - ჩემი ტკივილების მოდარაჯე ადამიანების. ნათესავების. ჩემი პატარა ქალაქის, სადაც ერთი ადამიანიც არ გამოიძებნა, მგონი, რომ არ მოვეკითხეთ. ჩემი მოსწავლეების, მათი მშობლების, უძვირფასესი და ყველაზე ძლიერი მხარდამჭერების - ჩემი თანამშრომლების! ჩემი მასწავლებლის, ნუნუ ღვალაძის, რომლის ტირილმა და გულწრფელმა ლოცვებმა ყველაზე რთულ დროს ჩემი გაღიმება შეძლო. ჩემი მუნიციპალიტეტის მერის, რომლის ყურადღება, მონახულების გარდა, ვიცი, რომ იყო მუდმივი ნერვიულობა და ღელვა, სანამ საბოლოოდ გაირკვეოდა, რომ მშვიდობით ჩამომიყვანეს მთიდან და გადავრჩი. სრულიად უცხო ადამიანების, თვალითაც რომ არ მინახავს. მადლიერი ვარ!
ყველას ვერ გპასუხობთ ამ დრომდე, რადგან ჩემთან ერთად მამიკოს ნაჩუქარი ჩემი ძვირფასი ტელეფონიც დაიმტვრა. ცხოვრება თავიდან არის თითქოს ასაწყობი. ფიქრი სჭირდება იმას, რაც მოხდა, რისგან უნდა დავიცვათ თავი და სიცოცხლე აწი. მშვიდობას გისურვებთ! და მაინც:
- ეს გზა ტაძართან არ მიმიყვანს?
- კი, ეს გზა მხოლოდ ტაძრამდე მიდის!“, - წერს ელენე მოდებაძე.