რეზონანსი
19.09.2026

21-ე სკოლაში სწავლის შეჩერებასთან დაკავშირებით, კითხვები არ უნდა არსებობდეს - თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, განათლების სამინისტროს მყისიერი რეაგირება ჰქონდა სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაზე. 

„შემიძლია, ავარიული საბავშვო ბაღების შენობების მაგალითი მოვიყვანო. წლების წინ ანალოგიური პრობლემები გვქონდა. მივიღეთ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომ კონკრეტული შენობები იყო ავარიული, საჭიროებდა დაცლას. მყისიერი რეაგირება გვქონდა. რამე რომ ჩამოვარდეს, სრული კატასტროფა მოხდება. ამაზე პასუხისმგებლობას ვინ იღებს, როცა დევს ავარიულობის შესახებ ოფიციალური დასკვნა იმ შენობაზე, სადაც უამრავი ახალგაზრდა ყოველდღიურად დადის. სამინისტროს ჰქონდა მყისიერი რეაგირება, ამასთან დაკავშირებით კითხვები არ უნდა არსებობდეს. გადანაწილდებიან ბავშვები სხვადასხვა სკოლაში, შემდეგ კი თანამედროვე სტანდარტების სკოლა აშენდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობილია, რა ჩაწერა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ  21-ე საჯარო სკოლაზე გაცემულ დასკვნაში - დოკუმენტი „ტვ პირველმა“ მოიპოვა. დასკვნის თანახმად ირკვევა, რომ სკოლის შემოწმება  2025 წლის სექტემბერში მოითხოვეს,  სამხარაულის ექსპერტები კი ადგილზე გასული წლის დეკემბერში მივიდნენ. ამის შემდეგ დაიწყეს დასკნის მომზადება, რომელიც საბოლოოდ 10 სექტემბერს გაიცა, მაგრამ ამის მიუხედავად სკოლაში სასწავლო პროცესეი 15 სექტემბერს მაინც გახსნეს, 18-ში კი დახურეს. 

შეგახსენებთ, რომ თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერდა. მშობლების ინფორმაციით, ამის შესახებ შეტყობინება მათ სწავლის დაწყებიდან მხოლოდ ორი დღის შემდეგ მიიღეს. მშობლები სოციალურ ქსელში წერენ, რომ სკოლის, ყოფილი მე-6, ე.წ. „გერმანული სკოლის“ შენობა ავარიულად გამოცხადდა და, როგორც მათ ადმინისტრაციამ აცნობა, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე სასწავლო პროცესი უნდა შეჩერდეს. ამ დროისთვის უცნობია, სად და რა ფორმით გააგრძელებენ მოსწავლეები სწავლას. მშობლების განცხადებით, სკოლის ადმინისტრაცია მათ დაჰპირდა, რომ შემდგომი სასწავლო პროცესის შესახებ დამატებით ინფორმაციას უახლოეს პერიოდში მიაწვდის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×