რეზონანსი
18.09.2026

მცირე ზომის მარნები ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი ალკოჰოლური სასმელების შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემის მომსახურების საფასურისგან გათავისუფლდებიან. შესაბამისი ცვლილება პროცედურების გავლის შემდეგ შევა ძალაში.

ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ხდება ცნობილი.

უწყების ცნობით, მინისტრ დავით სონღულაშვილის განცხადებით, მცირე მარნებისთვის სერტიფიცირების საფასურის გაუქმების გადაწყვეტილება მათთან კონსულტაციების შედეგად იქნა მიღებული.

„მცირე მარნების ხელშეწყობა ჩვენი პრიორიტეტია, შესაბამისად, მათთან კონსულტაციების შედეგად გავითვალისწინეთ არსებული გამოწვევა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სერტიფიცირების მომსახურების საფასური მცირე მარნებისთვის არ გავრცელდეს. ამასთან, სერტიფიცირება რჩება სავალდებულო მოთხოვნად, რადგან ხარისხისა და მომხმარებლისთვის უსაფრთხო პროდუქციის უზრუნველყოფა ჩვენი მთავარი ამოცანაა. ვფიქრობთ, ეს მიდგომა ხელს შეუწყობს როგორც მცირე მარნების განვითარებას, ისე ქართული ღვინის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებას და მისი კონკურენტუნარიანობის ზრდას“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ცნობისთვის, ადგილობრივ ბაზარზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი საქართველოში წარმოებული ალკოჰოლური სასმელების სერტიფიცირება სავალდებულოა.

1 სექტემბრიდან შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემის მომსახურება ფასიანია, თუმცა მცირე ზომის მარნებისთვის აღნიშნული მომსახურება უფასოდ განხორციელდება. მცირე მარნებისთვის სერტიფიცირების ვალდებულება კვლავ ძალაში რჩება და მათ შესაბამისი პროცედურების გავლა და პროდუქციისთვის საჭირო დოკუმენტაციის მიღება მოეთხოვებათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×