რეზონანსი
18.09.2026

უცხოელი ინვესტორების მხრიდან მზარდი ინტერესია ქართული სახაზინო ობლიგაციების მიმართულებით და ამას ადასტურებს J.P. Morgan-ის ახალ $328-მილიარდიან ინდექსში ლარის სახაზინო ობლიგაციებიც შესვლაც, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ J.P. Morgan-ის განვითარებადი, ე.წ. frontier ბაზრების ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ობლიგაციებისთვის ახალი ინდექსის შექმნის თაობაზე განაცხადა.

მისი თქმით, გაზრდილი ინტერესი  გამოწვეულია საქართველოს ძალიან ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებითა და გეოპოლიტიკური შოკების მიმართ ეკონომიკის მდგრადობით.

„შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ საქართველოში ატარებს J.P. Morgan-ი რეგიონის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელი პირების კონფერენციას, სადაც  დისკუსიის ერთ-ერთი ნაწილი სწორედ კაპიტალის ბაზრის განვითარებას ეძღვნება. ჩვენ ველოდებით მეტ ინვესტიციას ამ არხით“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

J.P. Morgan-ის მიერ შექმნილი ახალი ინსტრუმენტის – GBI-EM Edge საბაზრო ღირებულება 328 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და მოიცავს 26 ქვეყნის 24 ეროვნულ ვალუტასა და 425 ინსტრუმენტს. ახალ ინდექსში ჩართულია საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები და ინდექსის 1.79%-იან წილს შეადგენს. GBI-EM Edge განვითარებადი ფინანსური ბაზრების (frontier market) სრულიად ახალი ინდექსია, რომლის მიზანი ისეთი განვითარებადი ბაზრების (frontier market) სახელმწიფო ობლიგაციების დინამიკის ასახვაა, რომლებიც მაღალი შემოსავლიანობითა და საერთაშორისო ინვესტორებისთვის გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობით ხასიათდებიან.

აღსანიშნავია, რომ თბილისში დღეს სებ-ის ორგანიზებითა და  უმსხვილეს ამერიკულ ბანკ J.P. Morgan-თან თანამშრომლობით, ცენტრალური ბანკების პრეზიდენტების მრგვალი მაგიდის შეხვედრა გაიმართა. რეგიონში მსგავსი ფორმატის ღონისძიება პირველად ჩატარდა და მასში 15-მდე ქვეყნის, მათ შორის უნგრეთის, პოლონეთის, მოლდოვას, ბოსნია და ჰერცოგოვინას, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების მაღალი რანგის წარმომადგენლებმა, ასევე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და ფინანსური სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×