რეზონანსი
18.09.2026

თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში პროტესტია. მოსწავლეების მშობლები შენობის დანგრევის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომელიც მათ გუშინ აცნობეს. მოქალაქეები ამბობენ, რომ ამგვარი გადაწყვეტილების მიღება, როდესაც სწავლა სულ ორი დღეა დაიწყო, მათ მიმართ უპატიმვცემლობაა. მშობლები არ გამორიცხავენ, რომ სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება ახალი ცათამბჯენების მშენებლობას ემსახურებოდეს. 

„გუშინ, ღამის 22:00 საათზე, როცა ორი დღეა სკოლა დაიწყო, დამრიგებლისგან მივიღეთ შეტყობინება, რომ თურმე ხვალიდან ანუ დღეიდან, 18 სექტემბრიდან წყდება უვადოდ სწავლა. ვერსიები, რასაც გვეუბნებიან, არის, რომ აღმოჩნდა, რომ ექსპერტიზა მოვიდა გუშინ და დაადგინა, რომ შენობა არის ავარიული და რომ უნდა დაინგრეს. მეორე ვერსია არის, რომ ყველაფერი გადავა ონლაინ რეჟიმში, მესამე ვერსი გვითხრეს ასევე, რომ შეიძლება მთელი სკოლა გადანაწილდეს სამ სხვადასხვა სკოლაში და არაფერი კონკრეტული. ატყდა სრული პანიკა, განგაში. მშობლების მიმართ დამოკიდებულება ხომ არის სრული უპატივცემულობა და გაუგონარი ამბავი. ვანგრევთ სკოლებს იმის ხარჯზე, რომ რაღაც ცათამბჯენები აშენდეს“, - ამბობს მშობელი. 

„ზუსტად ამიტომ ვართ ახლა აქ შეკრებილები, რომ ველოდებით სამინისტროს წარმომადგენელი მოვიდეს, მოიტანოს დასკვნა და გვაჩვენოს კონკრეტულად რა ხდება ამ ჩვენს ნალოლიავებ სკოლაში, რა ინგრევა და რის გამოა ამორტიზაციისთვის განწირული“, - ამბობს კიდევ ერთი მშობელი. 

პროტესტს გამოთქვამენ სკოლის პედაგოგებიც, რომლებიც სკოლასთან არიან შეკრებილები. მასწავლებლები ამბობენ, რომ ბევრი კითხვა აქვთ, რომელზეც პასუხებს ითხოვენ.

სკოლის ყოფილი დირექტორი კი „ტვ პირველთან“ ამბობს, რომ სკოლამ ავტორიზაცია ორი წლის წინ გაიარა, რაც თავის თავში გულისხმობს იმ ფაქტს, რომ სამხარაულის ექსპერტიზის დასვნით, შენობის მდგრადობა იყო დადასტურებული.

თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერდა. მშობლების ინფორმაციით, ამის შესახებ შეტყობინება მათ სწავლის დაწყებიდან მხოლოდ ორი დღის შემდეგ მიიღეს. მშობლები სოციალურ ქსელში წერენ, რომ სკოლის (ყოფილი მე-6, ე.წ. „გერმანული სკოლა“) შენობა ავარიულად გამოცხადდა და როგორც მათ ადმინისტრაციამ აცნობა, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე სასწავლო პროცესი უნდა შეჩერდეს.

ამ დროისთვის უცნობია, სად და რა ფორმით გააგრძელებენ მოსწავლეები სწავლას. მშობლების განცხადებით, სკოლის ადმინისტრაცია მათ დაჰპირდა, რომ შემდგომი სასწავლო პროცესის შესახებ დამატებით ინფორმაციას უახლოეს პერიოდში მიაწვდის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×