
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. განიხილეს საქართველოს ტურისტული შესაძლებლობები, პერსპექტივები და საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციონირების საკითხები.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ბიზნეს და ტურიზმის ასოციაციებისა და სასტუმროების წარმომადგენლები.
"გენერალური მდივანი ამ ვიზიტის განმავლობაში მრავალმხრივ შეხვედრებს გამართავს, როგორც სახელმწიფო სექტორის, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე ეწვევა საქართველოს რეგიონებს. ვიზიტის განმავლობაში გაიმართება სამუშაო შეხვედრები, რომლის განმავლობაშიც დაიგეგმება სხვადასხვა აქტივობა და ღონისძიება საქართველოსა და გაეროს ტურიზმის ორგანიზაციას შორის მომავალ პერიოდში", - აცხადებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილი.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაია ომიაძე ამბობს, რომ შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი და წარმატებული იყო.
"გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ახალი გენერალური მდივანი პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია საქართველოს და ვიზიტის ფარგლებში მან შეხვედრა გამართა მსხვილ ქართულ ბიზნესთანაც, კერძოდ, ბიზნესთან ძირითადად სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში. შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი და წარმატებული იყო იმ თვალსაზრისით, რომ ერთი მხრივ ქართულმა ბიზნესმა გააცნო საქართველოს ბიზნეს კლიმატი და ბიზნეს გარემო, მეორე მხრივ, გენერალურმა მდივანმა ტურიზმის მსოფლიო ტენდენციებზე ისაუბრეს და განვიხილეთ თუ როგორ უნდა მოხდეს უფრო მეტად საქართველოს, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის მსოფლიო ტრენდებთან მიახლოება", - განაცხადა მაია ომიაძემ.