რეზონანსი
17.09.2026

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, უცხოური გავლენა ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება დესტრუქციულად განვითარდეს და ამ მხრივ, საქართველო გაცილებით მოწყვლადია.

მისი შეფასებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში გამჭვირვალობის კანონმდებლობის გამკაცრება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში მავნე და დესტრუქციული უცხოური გავლენები უნდა აღიკვეთოს.

"უცხოეთის გავლენა ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება ძალიან დესტრუქციულად განვითარდეს. კონკრეტული ადამიანები არიან ჩართულები, ხელფასს იღებენ ამაში და გარკვეულწილად, კარნახით მუშაობენ. შეერთებული შტატები მძლავრი ქვეყანაა, - რასაკვირველია, საქართველო და ბევრი სხვა ქვეყანა გაცილებით უფრო მოწყვლადია ასეთი საშიშროების თვალსაზრისით. სამწუხარო მაგალითები არაერთი ვიხილეთ. ხუთი რევოლუცია ვიხილეთ, სადაც პირდაპირ იყვნენ ჩართული ადამიანები, რომლებიც ფინანსდებოდნენ გარკვეული უცხოური რესურსებით. ასე რომ, აშშ-ში გამჭვირვალობის საჭიროება გვესმის და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ უცხოური გავლენა, მით უმეტეს, დესტრუქციული გავლენა საქართველოში უნდა იყოს აღკვეთილი," - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

ცნობისთვის: მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამერიკის შეერთებულ შტატებში უცხოური გავლენის აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) შესაძლო გამკაცრებას აქტიურად ეხმაურებიან და მიიჩნევენ, რომ მსგავსი რეგულაციები სახელმწიფოს სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×