რეზონანსი
16.09.2026

თუ „პატრიოტთა ალიანსის“ და ღარიბაშვილის პოლიტიკური ერთობა შედგება, ეს ძალიან სერიოზულ სიახლეს შემოიტანს პოლიტიკურ ველზე - ისევ ძალაშია ეს პოლიტიკური შეთავაზება ჩვენი მხრიდან, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა, ირმა ინაშვილმა „პალიტრანიუსის” გადაცემაში „360 გრადუსი” განაცხადა.

ირმა ინაშვილის თქმით, ტრადიციონალისტთა ველი პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილის რეიტინგი გაცილებით მაღალია, ვიდრე ირაკლი კობახიძის.

„ტრადიციონალისტთა ველი რომ ავიღოთ, რომელსაც მე წარმოვადგენ, ამ ველზე, დღესაც კი, ღარიბაშვილს, რომელიც პატიმრობაშია, წაყენებული აქვს ესა თუ ის ბრალი, უამრავი ჭორ-მართალი ვრცელდება მის შესახებ, ამ ვითარებაშიც კი გაცილებით მაღალია მისი რეიტინგი, ვიდრე კობახიძის“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ინაშვილის განცხადებით, თვითონ ის ფაქტი, რომ ღარიბაშვილის სახლიდან დიდი რაოდენობით ნაღდი ფული ამოიღეს, კითხვებს აჩენს, რადგან თანამედროვე ეპოქაში, როცა ციფრული ფული არსებობს, დიდი რაოდენობით ნაღდი ფული სახლში არავის აქვს.

„პატარა რამე ხომ არ არის, როდესაც ყოფილი პრემიერ - მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი ადვოკატების პირით საჯაროდ ამბობს, რომ არც ოქროს ზოდები ყოფილა მის სახლში და არც არანაირი ძვირფასი ნივთი. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ნივთები მჩხრეკავებმა მიიტანეს და დადეს. ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. იმედი მაქვს, რომ ამაზე უფრო დეტალურად ილაპარაკებენ.

დღეს უკვე „ქეშ" ფულს აღარ ინახავენ სეიფში, არც ჩინოვნიკები, არც ბიზნესმენები. თანამედროვე ეპოქაა, ციფრული ფული არსებობს, ბიტკოინი. თვითონ ის ფაქტიც, რომ [ფული] დევს იქ, ესეც კითხვებს შეიცავს“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

კითხვაზე, მოიაზრებთ თუ არა თქვენს პოლიტიკურ გუნდში გრიგოლ ლილუაშვილსაც, ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ არ მოიაზრებს, რადგან გრიგოლ ლილუაშვილი პოლიტიკური ფიგურა არასდროს ყოფილა.

„ლილუაშვილს არ მოვიაზრებ იმიტომ, რომ პოლიტიკური ფიგურა, პოლიტიკოსი არასდროს ყოფილა მაშინაც კი, როცა ერთად ვიყავით პარლამენტში, ის არ გამოირჩეოდა იმით, რომ პოლიტიკოსია, თუმცა ეს შარმი ღარიბაშვილს ნამდვილად ჰქონდა, ის პოლიტიკოსი ნამდვილად იყო და არის. საკანშიც კი თავისი წონა აქვს“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×