რეზონანსი
16.09.2026

სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს! - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.

პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსი თავის გზავნილში, რომელიც სოციალურ ქსელში, მის პირად გვერდზე გამოქვეყნდა, ოპოზიციური პარტიის წევრებს აკრიტიკებს და ტელე-ეთერებში მათ გამოჩენას „ოპოზიციურ ველზე ტივტივს“ უწოდებს.

ხაბეიშვილი ყველას ერთიანობისა და მოქმედებისკენ მოუწოდებს, რომელიც, მათ შორის, მასშტაბური აქციების გამართვას გულისხმობს.

„როდის დასვამთ კითხვას, ხალხს რა უნდა?! როდის მიხვალთ ამ კითხვამდე?! როდის მოიკრებთ გამბედაობას?! როდის გამოხვალთ შეშინებულის, დამფრთხალის პოზიციიდან?! ძმებო, შიშის ბრალია ყველაფერი - უმოძრაობა, უმოქმედობა, რაც ახლა ხდება.

გამბედაობა მოიკრიბეთ, თორემ კიდევ წლები გაატარებთ იმის რკვევაში - რა და როგორ სურს ივანიშვილს, ვის დაიჭერს და ვის დააწინაურებს.

აზრზე მოდით! ბოდიში, მაგრამ აბსოლუტური უაზრობა და უბრალოდ ლაყბობაა, რაც ყოველდღიურად „ტვ ეთერებში“ ხდება. რომ არა ტელევიზიების პროდიუსერები, საერთოდ გაქრებოდით და მიიღებდით „კლავიატურის ლომების“ ფორმას.

გამოაშკარავდა და ნათლად ჩანს, რომ უმრავლესობის „ტვ“-ში გამოჩენა ემსახურება უბრალოდ ტივტივს, პოლიტიკურ ველზე ტივტივს. ზოგი საერთოდ გადამალულია და ჩირგვებში იმალება.

თქვენ იყავით ლიდერებიც, პირველებიც და მე თქვენი მსახური, აქტივისტი ვიქნები!

რასაც ახლა კითხულობთ შიშველი სიმართლეა და ვცდილობ სარკეში ჩაგახედოთ.

შიშია გამეფებული! უმოქმედობა, უძრაობაა იმიტომ, რომ გამბედაობა არ ჩანს არსად!

რადგან გამბედაობა არ არის, იმიტომ გიწევთ კომენტატორობა და უაზრო თემების გარჩევა-გადამღერება.

მთელი გაზაფხული-ზაფხული იქადნებოდით, აი შემოდგომა დადგება და ასე და ისე ვიზამთო. დადგა სექტემბერი და ისევ იმალებით, გაურბიხართ რეალურ საქმეს. მზად ხართ ისევ დროის გაყვანაზე იყოთ და როგორმე ნოემბრამდე მიხვიდეთ. მერე სიცივეებს გამოაცხადებთ და ახალ გაზაფხულს დააანონსებთ.

გულდასაწყვეტია ამ ყველაფრის ყურება. როგორც თქვენი მონა-მორჩილი, აქტივისტი, გულშემატკივარი ვწუხვარ ამაზე!

გადაბრალება პარტიებზე, ლიდერებზე უკვე გაცვეთილია! როცა გინდათ ლიდერებზე, პარტიებზე „დიდები“ და მაგრები ხართ. მაგ ლიდერებს 15 - წლიანი ციხით ემუქრებიან და ძალიანაც ნუ განსჯით.

4-5 ან 7 ლიდერს გადავაყოლოთ ქვეყანა?! ჩვენი პასუხისმგებლობა არაფერშია?!

აქციის დანიშვნა ვერ გაგიბედავთ, რომ თქვათ - შევიკრიბოთ, ასიათასობით გამოვიდეთ... გამბედაობა არავის ჰყოფნის, რომ რიგითი აქცია დააანონსოს და რეალურად აქტიურ პროტესტზე გადავიდეთ. მძიმე საყურებელია....

ფორმულა - ყველა მინუს ივანიშვილი! საქართველო ივანიშვილის გარეშე!

გამბედაობაა საჭირო და არა „ტვ“-ში დროის გაყვანა, ტივტივი ან საერთოდ ჩირგვებში დამალვა. „სიები“ რომ იწერება სოროებიდან გამოძრომა და ყელის მოღერება არ არის მორალურად, საქმიანად სწორი და ნუ აკადრებთ თავსაც და ხალხსაც.

დაძლიეთ შიში და გაიმარჯვებთ!

მე?! მე, მიმსახურეთ!

ციხიდანაც თქვენი მსახური ვიქნები!

ძალა ერთობაშია!“ - წერს ლევან ხაბეიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×