
Forbes-მა მილიარდერების ინდექსი განაახლა და ბიძინა ივანიშვილის ქონება ისევ 2.7 მილიარდ დოლარად შეაფასა, როგორც წინა წელს.
bm.ge-ის ცნობით, მიუხედავად ქონების შეფასების უცვლელად დატოვებისა, ბიძინა ივანიშვილი გლობალურ რეიტინგში 1 362-ე ადგილიდან 1 560-ე პოზიციამდეა ჩამოქვეითებული, რადგან ამ პერიოდში რეიტინგის სხვა წევრების ქონების შეფასება გაიზარდა.
უნდა აღინიშნოს, რომ 2024 წელს ქართველი მილიარდერის ქონება 4.9-მილიარდიან ნიშნულზე იყო, თუმცა, ამერიკულმა გამოცემამ მისი ქონების შეფასება 2025 წელს 2.7 მილიარდამდე შეამცირა.
განსხვავებული ვითარებაა Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსში, საიდანაც ბიძინა ივანიშვილის პროფილი გასულ წელს, 6.5-მილიარდიანი შეფასებით წაიშალა და ის ამჟამად ამ რეიტინგში საერთოდ აღარ არის.
Bloomberg-ის ტერმინალის გასული წლის მონაცემებით კი, ბიძინა ივანიშვილის ქონება ერთ წელიწადში $4 მილიარდით შემცირდა და 3.6 მილიარდი იყო. "ქართული ოცნების" დამფუძნებელი პლანეტის 500 ყველაზე მდიდარი ადამიანს შორის კი 2025 წლის აპრილის შემდეგ აღარაა, როცა მისი ქონება 6.3 მილიარდ დოლარს ჩამოსცდა. ამჟამად 500 უმდიდრეს ადამიანს შორის ბოლო ადგილზე მყოფის ქონება 6.3 მილიარდ დოლარს შეადგენს, შესაბამისად სიაში მოხვედრისთვის აუცილებელი ქონებაც სწორედ ამდენია.