თამთა ჩაჩანიძე
15.09.2026

ხელისუფლება „რუსოფობიის წინააღმდეგ ბრძოლას" ააქტიურებს - პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი საქართველოში ქსენოფობიისა და რუსოფობიის გაღვივების ნებისმიერ მცდელობას „ჩანასახშივე" დაუპირისპირდება, თუმცა, ამ პოლიტიკის პარალელურად, რუსეთთან მიმართებით „პრაგმატული და პრინციპული" კურსი გაგრძელდება.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ეს ხმაურიანი განცხადება ქვეყნის პირველი პირის მხრიდან პრევენციის მიზნით გაკეთდა, რათა კრემლს ჩანასახშივე მოუსპოს საქართველოს წინააღმდეგ რაიმე აგრესიული ქმედების განხორციელების თუნდაც თეორიული საბაბი.

აღსანიშნავია ისიაც, რომ კობახიძის ეს განცხადება სამშაბათს რუსული მედიის განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.

„რუსოფობია - რეალური პრობლემა თუ პოლიტიკური იარლიყი?" - ამ თემაზე გაიმართა ორშაბათს „რუსთავი 2"-ის ეთერში დებატები, სადაც მონაწილეობდნენ პრემიერი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე და ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა.

ირაკლი კობახიძის მთავარი აქცენტები იყო, რომ ხელისუფლება საქართველოში რუსოფობიის გაღვივების ნებისმიერ მცდელობას თავიდანვე დაუპირისპირდება და რომ არ არსებობს „ცუდი ერი" და კონკრეტული ერის სიძულვილის გაღვივება მიუღებელია. ამასთან, პრემიერი ამტკიცებს, რომ საქართველოში რუსოფობიის გაღვივებას გარკვეული „უცხოური ძალები" ცდილობენ და ამას პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემების შექმნის მიზანი აქვს.

კობახიძის შეფასებით,  თუ საქართველოში რუსების მიმართ აგრესია ბუნებრივად უნდა გაჩენილიყო, ამის ყველაზე დიდი საფუძველი 2008 წლის ომის შემდეგ არსებობდა, თუმცა მაშინ რუს ტურისტებსა და რუსეთთან ბიზნესურთიერთობებს მსგავსი წინააღმდეგობა არ მოჰყოლია.

კამათში აქტიურად მონაწილეობდა კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, რომელმაც საპასუხოდ განაცხადა, რომ საქართველოში რუსოფობია არ არსებობს და ეს მხოლოდ „პროპაგანდისტული ტრიუკია" და ქართველებს რუსეთის მიმართ აქვს რაციონალური შიში.

„მოვუწოდებ საქართველოს ყველა მოქალაქეს: როგორც კი გაიგებთ „რუსოფობიას", გამორთეთ ტელევიზორი! თქვენ გატყუებენ, ცხვირში გჩრიან კონცეფციას, რომელიც ბუნებაში საერთოდ არ არსებობს...

„თქვენ გაქვთ რუსეთის მიმართ სრულიად რაციონალური და არა ირაციონალური შიში. ნამდვილად გაქვთ იმის საფუძველი, რომ რუსეთი არ გიყვარდეთ, რადგან ის არის იმპერიალისტური სახელმწიფო, რომელიც თავის იმპერიალიზმს არც მალავს. აი, ამ წუთებშიც კი მიმდინარეობს ომი უკრაინაში და რუსეთს იმ ტერიტორიების მითვისებაც სურს, რომლებიც ჯერ არ დაუპყრია. ანუ, რუსეთი არის ბრუტალური, ბრმა და ყრუ ძალა, რომელიც არაფერს და არავის ექვემდებარება. დღეს ნამდვილად არ გვაქვს იმის დრო, რომ რუსეთთან შესაძლო კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ვილაპარაკოთ", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

კობახიძემ კი განაცხადა, რომ რუსოფობიის არსებობის უარყოფა პრობლემას ვერ აგვარებს და ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკის კრიტიკა და რუსი ხალხის მიმართ სიძულვილი. პრემიერის თქმით, სწორედ ამ უკანასკნელს ებრძვის ხელისუფლება და არ დაუშვებს, საქართველოში რომელიმე ერის მიმართ ქსენოფობიური დამოკიდებულება ხელოვნურად გაღვივდეს.

„ჩვენი მიზანია, ჩანასახშივე მოვკლათ რუსოფობია. ქსენოფობია ზოგადად, და კონკრეტულად რუსოფობია, არის ყველაზე ბნელი მოვლენა, რაც კი ადამიანმა შეიძლება წარმოიდგინოს. როდესაც ცდილობ ადამიანებს დააჯერო ის, რომ კონკრეტული ერი შეიძლება იყოს ცუდი, ერი და ხალხი, საზოგადოებას უნდა გეგონოს ბნელი. ვიღაცებს ჰგონიათ, ამ უცხოელ პატრონებს, რომ ქართულ საზოგადოებაში საკმარისი რაოდენობით ადამიანებს ნახავენ, თუნდაც ხუთ პროცენტს, სამ პროცენტს, არ ვიცი, რამდენის იმედი აქვთ, რომელიც ისეთი ბნელია, რომ ამ კამპანიას აჰყვება", - განაცხადა კობახიძემ.

მისივე შეფასებით, „რუსოფობიის გაღვივების შანსი საქართველოში ძალიან ცოტაა გამომდინარე ჩვენი ხალხის ბუნებიდან, ამის მიუხედავად უნდა ვიყოთ ფრთხილად და ძირშივე უნდა დავუპირისპირდეთ ნებისმიერ მცდელობას".

რა ფორმებს მიიღებს პრაქტიკაში რუსოფობიასთან ბრძოლა

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ბოლო საუკუნეების მანძილზე ისტორიაში რუსეთის მიმართ დამოკიდებულება ბევრჯერ შეიცვალა საქართველოში და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში - მკვეთრად უარყოფითია.

„არც იარლიყი ვარგა და არც ფობია. ფობია საერთოდ სამკურნალო მოვლენაა, სამედიცინო ტერმინია. იარლიყი კი კარგი არაფერია. მართლაც საკითხი ისმის - რამდენად საფუძვლიანი და შედეგიანია ეს განწყობილები, რაც დღეს საქართველოშია და არა მარტო საქართველოში.

სხვათა შორის, ფობია რუსებს ძალიან სიამოვნებთ - უყვართ, როცა მათი ეშინიათ, მიიჩნევენ, რომ ამ დროს პატივისცემა მეტია.

  • რამაზ საყვარელიძე: „ვთვლი, რომ იმიტომ იყო საჭირო ამ თემაზე ოფიციალური დიალოგი, რომ ეს რუსოფობია არ დაეხვია ხელზე რუსეთს და არ გამოეცხადებინა იმის მიზეზად, რომ რაიმე აგრესია განეხორციელებინა საქართველოს მიმართ".

„რუსეთის მიმართ უამრავი დამოკიდებულება გამოისახა, ჯერ კიდევ სოლომონ მეფედან მოყოლებული. დამორჩილება რუსეთის მიმართ, მერე აჯანყებები რუსების წინააღმდეგ. 90-იანში წაგვართვეს ის 20 პროცენტი, რომელიც მერე გაიფორმეს 2008-ში. 90-იანებიდან იყო უარყოფითი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ, მაგრამ ეს პროცესი ახლახანს გაძლიერდა. შენიშნა კიდეც, პრემიერმა, პაატა ზაქარეიშვილს ადრინდელი ნათქვამი გააუხსენა იმის თაობაზე, რომ თურქეთთან ურთიერთობაში რუსეთმა რაღაც როლი შეასრულა 2017-ში და რუსეთი მაშინაც იყო ოკუპანტი.

„მთელი ამ ხნის განმავლობაში, რა თქმა უნდა, რუსეთის მიმართ უარყოფითი იყო დამოკიდებულება. დადებითი რომ ყოფილიყო, სამკურნალოები ვიქნებოდით.

„მთელს მსოფლიოშია სხვადასხვა ფობიები და ფობიებთან ბრძოლა განხორციელდა თუ არა, არ გვინახავს მაგის მაგალითი. მაგრამ, მემგონი, მნიშვნელოვანი მაინც უფრო ის იყო, რომ ხელისუფლების მხრიდან, პრემიერ-მინისტრის მხრიდან, ასეთი ბრძოლის განზრახვა გამოითქვა.

„ერთია, როდესაც „რუსი მტერია"-ს იძახის ჩვეულებრივი მოქალაქე და მეორეა, როცა ამ ნათქვამს სიჩუმით ხვდება ხელისუფლება, ესე იგი ისეთანხმება. იმისთვის, რომ რუსოფობია არ შეფასდეს, როგორც ქართული პოლიტიკის კურსი, ამ მიზნით იდგმება ეს ნაბიჯი.

„2008 წლის ომის ანალიზის დროს ერთ-ერთ მიზეზად ისიც კი თქვეს, რომ აი, „ლილიპუტინს" რომ ეძახდა მიშა, შეიძლება იმიტომ დაიწყო რუსეთმა ომიო. არაა გამორიცხული, რუსეთს აქვს ასეთი მწვავე რეაქციები იმაზე, რასაც იძახიან. მერე რუსეთს აქვს ტენდენცია, რომ მოიმიზეზოს, ძალით გათქმევინოს რაღაცა ისეთი, რის საფუძველზედაც მერე შეძლებს შემოგიტიოს.

„ვთვლი, რომ იმიტომ იყო საჭირო ამ თემაზე ოფიციალური დიალოგი, რომ ეს რუსოფობია არ დაეხვია ხელზე რუსეთს და არ გამოეცხადებინა იმის მიზეზად, რომ რაიმე აგრესია განეხორციელებინა საქართველოს მიმართ", - განაცხადა საყვარელიძემ.

კითხვაზე, როგორ როგორ წარმოუდგენია ეს ბრძოლა პრაქტიკაში და რა შეიძლება ჩაითვალოს რუსოფობიად, საყვარელიძემ გვითხრა:

„მემგონი არც გუშინდელი შეხვედრის მიზანი იყო, რომ რეალური მექანიზმი შეექმნათ და

და არც აპირებენ. იმიტომ, რომ ევროპაში უზარმაზარი რუსოფობიური ტალღაა, რაც საკმაოდ აშფოთებთ თვითონ ევროპელებს, იციან, რომ შეიძლება რუსეთი დაიძრას მათკენ. მაგრამ რაიმე მექანიზმებით და მათ შორის იურიდიული მექანიზმებით ბრძოლა თავში არავის მოსდის, იმიტომ, რომ და პიკანტური საკითხია. მთავარი იყო იმის ჩვენება, რომ ხელისუფლება მხარს არ უჭერს რუსი ხალხის მიმართ ფობიის გამოხატულებას", - განაცხადა საყვარელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×