
უკვე რამდენიმე თვეა ოპოზიციის ერთ-ერთი გამორჩეული სახე, „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე საჯარო არ გამოჩენილა. პოლიტიკურ პროცესებში ის საერთოდ აღარ მონაწილეობს, მისი პარტიის ვებ-გვერდიც აღარ ფუნქციონირებს და მითითებულ მისამართზე ინტერნეტ-მაღაზიაა განთავსებული. პარტიაში აცხადებენ, რომ ვაშაძე უცხოეთში იმყოფება და მისი პასიურობაც ამით არის გამოწვეული, თუმცა ანალიტიკოსები „რეზონანსთან" საუბრისას სხვა ვერსიებსაც განიხილავენ.
„სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტსაბჭოს წევრმა და პარტიაში განათლების მიმართულების ხელმძღვანელმა ნანა ტოხვაძემ „რეზონანსთან" განაცხადა, რომ გიორგი ვაშაძე პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.
„ის ნამდვილად აქტიურ პოლიტიკაშია, ამ ეტაპზე არ იმყოფება საქართველოში და აგრძელებს რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას ისევე, როგორც ადრე იყო და როგორც ყოველთვის.
„საიტის დომენი დროებით შეჩერებულია, უკვე დიდხანს. ახალი ამბავი არ არის. ოფიციალური გვერდი ამ ეტაპზე არის პარტიის სოციალური გვერდი, სადაც მუშაობენ. განახლებული ინფორმაციები, გუშინდელი თუ გუშინწინდელი, ყველაფერი აქტიურად იდება, მათ შორის გიორგი ბარამიძის განცხადება პოლიტიკურ დევნასა და ტყვეობასთან დაკავშირებით და ყველა სხვა აქტიური პოლიტიკური განცხადება, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხება.
- ნანა ტოხვაძე: „არ მაქვს ინფორმაცია, თუ რომელ ქვეყანაში იმყოფება ამჯერად. მისი დაბრუნების თარიღთან დაკავშირებით არ ვარ კომპეტენტური, ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა."
„არ მაქვს ინფორმაცია, თუ რომელ ქვეყანაში იმყოფება ამჯერად. მისი დაბრუნების თარიღთან დაკავშირებით არ ვარ კომპეტენტური, ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა. მგონია, რომ საქართველოში იქნება თუ ქვეყნის გარეთ, ნებისმიერ შემთხვევაში რეჟიმთან ბრძოლას გააგრძელებს და დაასრულებს გამარჯვებით ისევე, როგორც თვითონ, ისე მთელი საქართველო", - განაცხადა ნანა ტოხვაძემ „რეზონანსთან".
ვაშაძის აქტივობაში პაუზა ორ თვეზე მეტია გრძელდება, რაც, ანალიტიკოსთა შეფასებით, შესაძლოა უკავშირდება როგორც მის წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივ პროცესებს, ისე ოპოზიციური ფლანგის შიდა სტრატეგიულ ცვლილებებს.
ვაშაძის ბოლო საჯარო აქტივობა 26 მაისის აქციასთანაა დაკავშირებული. ამ აქციის ორგანიზებაში იგი აქტიურად იყო ჩართული.
- გია აბაშიძე: „ჩემი შეფასებით, მთავარი მიზეზი აქ უნდა იყოს დროებითი დუმილი იმის გამო, რომ როგორმე თავი დაიძვრინოს ქართული სამართლიანი მართლმსაჯულებისგან".
ამის შემდეგ, მის „ფეისბუქ" გვერდზე ივნისში იდებოდა გარკვეული სახის ვიდეოები და გაზიარებები, ვაშაძე წერდა ტრადიციად ქცეულ „შაბათის მარშებზე", თუმცა ივნისის მერე აქტიურობა არაა დაფიქსირებული.
აღსანიშნავია ისიც, რომ გიორგი ვაშაძეს პროკურატურა საბოტაჟს ედავება (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლით). 2025 წლის ნოემბერში ეს ბრალდება მას ოფიციალურად წარედგინა. ხოლო საქმე ეხება პოლიტიკურ და საპროტესტო აქტივობებთან დაკავშირებულ ქმედებებს (მათ შორის, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილ პროტესტებსა და პოლიციის კორდონის გარღვევის მცდელობებს).
2026 წლის დასაწყისში პროკურატურამ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა. დამატებითი შეზღუდვის სახით, სასამართლომ მას ჩამოართვა პასპორტი და პირადობის მოწმობა (ქვეყნის დატოვების აკრძალვის მიზნით).
- ნიკა ჩიტაძე: „შემოდგომა მოდის და ალბათ გიორგი ვაშაძეც გამოჩნდება. გამორიცხული არაფერია, მათ შორის არც ის, რომ საერთოდ პოლიტიკიდან წავიდა".
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ნიკა ჩიტაძე ფიქრობს, რომ ვაშაძე პოლიტიკურ პროცესებს მალე დაუბრუნდება, თუმცა სხვა სცენარებსაც არ გამორიცხავს.
„ახლა პოლიტიკურად აქტიურდება პროცესები - შემოდგომა მოდის და ალბათ გიორგი ვაშაძეც გამოჩნდება. გამორიცხული არაფერი არ არის, მათ შორის არც ის, რომ საერთოდ პოლიტიკიდან წავიდა, მაგრამ ერთს ვიტყოდი, რომ გიორგი ვაშაძისნაირი აქტიური ადამიანი სჭირდება საქართველოს და, რა ვიცი, ვნახოთ. იმედია გამოჩნდება, დრო გვიჩვენებს", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".
ანალიტიკოსი გია აბაშიძე ამბობს, რომ შესაძლოა ვაშაძე მართლაც წავიდა პოლიტიკიდან და „ლელოს" ლიდერებთან ავლებს პარალელს.
„არ არის გამორიცხული ის სცენარიც, რომ პოლიტიკიდან მიდის, ისევე, როგორც ის, რომ მამუკა ხაზარაძეც და ბადრი ჯაფარიძეც ჩამოცილდნენ პოლიტიკას.
„გავრცელებული ინფორმაციით, როგორც ვაშაძე, ასევე ხაზარაძე იმყოფებიან ევროპაში. თუმცა თანამედროვე კომუნიკაციების პირობებში მნიშვნელობა არ აქვს სად ხარ, შეგიძლია ვიდეომიმართვის ჩაწერაც, სოციალური ქსელის გამოყენებაც. მაგრამ ეს არც ვაშაძის, არც ხაზარაძის და არც, ასევე, გიორგი გახარიას შემთხვევაში ხდება.
„გიორგი გახარია უფრო იშვიათად ჩანს. შეიძლება ითქვას, რომ მის ნაცვლად პარტიის წევრები აკეთებენ განცხადებებს. მაგრამ ფაქტია, რომ თქვენ რა იკითხეთ - გიორგი ვაშაძე გაექცა თუ არა ქართულ მართლმსაჯულებას (მასზეც ხომ აღძრულია საქმე, ისევე როგორც სხვაზე და მიმდინარეობს გამოძიება ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების გამო) -შეიძლება ეს იყოს ერთ-ერთი მისი, ასე ვთქვათ, ახსნა", - განაცხადა აბაშიძემ „რეზონანსთან".
მისივე აზრით, შესაძლოა ვაშაძის დუმილი ოპოზიციის შიგნით მიმდინარე მწვავე დაპირისპირებასთანაც იყოს დაკავშირებული.
„საკითხავია, აი ამ დიდ ოპოზიციურ გადანაწილებაში, რასაც ახლა ვხედავთ, როდესაც „ნაცმოძრაობის" ყოფილი წევრები დაუნდობლად ლანძღავენ ერთმანეთს, სად მოიაზრება თუნდაც გიორგი ვაშაძე. შესაძლოა, ამ პროცესსაც განერიდა, ან შესაძლოა ყველაფერი ერთად არის. მაგრამ, ჩემი შეფასებით, მთავარი მიზეზი აქ უნდა იყოს დროებითი დუმილი იმის გამო, რომ როგორმე თავი დაიძვრინოს ქართული სამართლიანი მართლმსაჯულებისგან", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".