
საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს ცვლილებებს ქონების გადასახადში. მომზადებულია კანონპროექტი, რომლითაც 40 000-ლარიანი შემოსავლის ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება. ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით, 81 000 გადამხდელი, ანუ ფიზიკური პირი ბიუჯეტში, ჯამურად, 22 მილიონ ლარს აღარ გადაიხდის. ეკონომისტების მოსაზრებით, ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც მოსახლეობის კეთილდღეობას გაზრდის.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, შემოსავლების სამსახურის უფროსის, მამუკა ბარათაშვილის განცხადებით, პარლამენტი ამ კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღებას გეგმავს, რათა მოქალაქეებმა ამ შეღავათით უკვე მიმდინარე წელსვე ისარგებლონ.
„ფინანსთა სამინისტროსა და პარლამენტის ერთობლივი მუშაობის შედეგად, ქონების გადასახადში მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება. მომზადებულია კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს 40 000-ლარიანი შემოსავლის ზღვარის 100 000 ლარამდე გაზრდას. ეს ნიშნავს, რომ 40 000-დან 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახები სრულად გათავისუფლდებიან ქონების გადასახადისგან. დღეის მდგომარეობით, ეს 81 000 გადამხდელს შეეხება, რომელთა ბიუჯეტში გადასახდელი თანხა, დაახლოებით, 22 მილიონ ლარს შეადგენდა. ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, მათ ამ თანხის გადახდა აღარ მოუწევთ.
მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებები დაჩქარებული წესით იქნეს ინიცირებული, რაც ნიშნავს, რომ უკვე წელsve მოახერხებენ ფიზიკური პირები ამ შეღავათით სარგებლობას. ფიზიკურ პირთა ქონების დეკლარირების ვადა 1-ელ ნოემბერს იწურება, ხოლო გადახდის ვადა სავარაუდო თარიღი 15 ნოემბერია“, - განაცხადა ბარათაშვილმა.
ამ მომენტისთვის ქონების გადასახადი უწევს პირს, თუ მისი ან ოჯახის შემოსავალი წლიურად 40 000 ლარს აღემატება. ის, რომ ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება, საპარლამენტო უმრავლესობის გუშინდელი სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
ეკონომისტებისა და დარგის სპეციალისტების განცხადებით, მთავრობის ეს გადაწყვეტილება აშკარად წინგადადგმული ნაბიჯია, რაც მოსახლეობის კეთილდღეობას შეუწყობს ხელს. აკადემიკოს ავთანდილ სილაგაძის შეფასებით, ეს საკითხი დიდი ხანია დღის წესრიგში იდგა და კარგია, რომ პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით იხილავს.
„ამჟამინდელი მინიმალური ზღვარი, ცხადია, აღარ პასუხობს დღევანდელ მოთხოვნებს, ამიტომ აუცილებელია, შეიცვალოს. ვფიქრობ, ამ ცვლილებას პოზიტიური შედეგი მოჰყვება. კარგია, რომ 100 000 ლარამდე გაიზარდა, თუმცა უფრო მეტიც რომ ყოფილიყო, უკეთესი იქნებოდა.
პარალელურად, ძალიან ყურადღებით უნდა იქნას განხილული ქონების გადასახადის განაკვეთიც. საერთაშორისო პრაქტიკაში ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა ამა თუ იმ გადასახადის განაკვეთი შეიძლება მაღალი იყოს, მაგრამ ჩვენ, ჩვენი ქვეყნის რეალობიდან უნდა გამოვიდეთ. იმის თქმა მინდა, რომ ახლა საკმაოდ მაღალია ქონების გადასახადის განაკვეთი და ეს საკითხიც დიდი ყურადღებით უნდა გადაიხედოს, რათა მოსახლეობას შეუმსუბუქდეს საგადასახადო ტვირთი. ამ მიმართულებითაც თუ გადაიდგმება ნაბიჯები, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთავრობისა და პარლამენტის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება მოსახლეობის ინტერესების დასაცავად“, - განუცხადა „რეზონანსს“ ავთანდილ სილაგაძემ.
ფინანსთა სამინისტროს ინიცირებული კანონპროექტის განხილვას დადებითად აფასებს ეკონომისტი პაატა შეშელიძეც, მაგრამ მისი აზრით, სინამდვილეში, ქონება და შემოსავალი - ორი სხვადასხვა რამ არის, შესაბამისად, აუცილებელია მათი გამიჯვნა.
„დავუშვათ, ადამიანს ერთი ბინა აქვს თბილისში, ხოლო მეორე - ქუთაისში, რომელიც ბებია-ბაბუამ დაუტოვა, თავისი მიწით, ისიც დავუშვათ, რომ ამ ადამიანის შემოსავალია 100 000 ლარი. მისი შემოსავლის ზრდით ან კლებით, რეალურად, არაფერი ეცვლება - შეიძლება, მისი მდგომარეობა გაუარესდეს კიდეც. შესაძლოა, ადრინდელზე მეტი შემოსავალი მიიღო ადამიანმა, მაგრამ სახლი დაენგრა ან დაუზიანდა.
იმის თქმა მინდა, რომ ქონება და შემოსავალი - ეს ორი სხვადასხვა რამ არის. თუ ჩვენ ვბეგრავთ ქონებას, მაშინ ის შემოსავალთან არავითარ კავშირში არ არის. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ან საშემოსავლო უნდა დაიბეგროს ან ქონება, რადგან არაფერი კავშირი არ აქვს ადამიანის შემოსავალს მის ქონებასთან“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას პაატა შეშელიძემ.
რაც შეეხება კანონპროექტს, რომლითაც ფიზიკური პირის ქონების გადასახადის მინიმალური ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება, შეშელიძის განცხადებით, ეს კარგი გადაწყვეტილებაა.
„შემოსავლების თვალსაზრისით, მსყიდველობითი უნარი მკვეთრად შემცირებულია და ამიტომ, ცხადია, ეს გადაწყვეტილება ცოტა დაგვიანებულიცაა. ვფიქრობ, უნდა შემცირდეს მოქალაქის პერსონალური ტვირთი, თუ მოსახლეობის კეთილდღეობა გვინდა. სტატისტიკას აუმჯობესებს ძალიან ვიწრო ჯგუფი, მაგრამ მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ძალიან უჭირს, ამიტომ საშუალო სტატისტიკური მაჩვენებლები რეალურ მდგომარეობას არ ასახავს“, - დასძინა „რეზონანსთან“ პაატა შეშელიძემ.