ნატალია ჯვარიძე
15.09.2026

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთი და უკრაინა ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რათა გლობალური დიზელის ფასების ზრდა შეაჩერონ. მიუხედავად იმისა, რომ კრემლი ინიციატივას მისასალმებლად მიიჩნევს, ანალიტიკოსები, ასევე რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი და პესკოვი აცხადებენ, რომ შეთანხმება მყიფეა და კრიზისს მხოლოდ უკრაინის ომი არ განაპირობებს.

14 სექტემბერს ტრამპმა გამოაცხადა, რომ რუსეთი და უკრაინა შეთანხმდნენ ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტაზე:

„უკრაინა დათანხმდა, რომ არ დაარტყამს რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს. რუსეთიც დათანხმდა იგივეს გაკეთებას! გლობალური დიზელის ფასების ზრდა, პირველ რიგში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომით არის განპირობებული და არა ირანით".

კრემლი ენერგეტიკული ზავის იდეას კარგ ინიციატივად მიიჩნევს.

„ჩვენ ვნახეთ პრეზიდენტ ტრამპის განცხადება ენერგეტიკულ ობიექტებზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. საერთო ჯამში, ჩვენ ამას ძალიან კარგ იდეად მივიჩნევთ, კარგ ინიციატივად", - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

  • დონალდ ტრამპი: „გლობალური დიზელის ფასების ზრდა, პირველ რიგში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომით არის განპირობებული და არა ირანით".

მისი თქმით, ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტა რუსეთს საშუალებას მისცემს, ნავთობპროდუქტებით შიდა ბაზარი გაჯეროს, თუმცა ქვეყანას უკვე შეუძლია ბაზრის სტაბილიზაცია. პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის შიდა ბაზარი სრულ გაჯერებასთან ახლოსაა. მან აღნიშნა, რომ ამჟამად მიმდინარეობს ყოვლისმომცველი სამუშაოები ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისა და სხვა ენერგეტიკული ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ამავე დროს, ოფიციალური მოსკოვი ცდილობს ეს შესაძლო ზავი რუსული ენერგომატარებლებისათვის დაწესებული სანქციების მოხსნის საკითხს დაუკავშიროს. იგივე პესკოვი ასევე აცხადებს:

„ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების უსაფრთხო ფუნქციონირების უზრუნველყოფა და ნავთობპროდუქტების წარმოების მოცულობის გაზრდა გლობალურ პრობლემებს არ წყვეტს. მთავარი პრობლემა ნავთობპროდუქტების გლობალურ ბაზრებზე ექსპორტია".

პესკოვმა ასევე დასძინა, რომ 15 სექტემბრის ღამეს, ტრამპის განცხადების შემდეგ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ერთ-ერთ ენერგეტიკულ ობიექტზე დარტყმა სცადეს.

ამის პარარელურად უკრაინის ხელისუფლებაც აცხადეს, რომ სწორედ ტრამპის მიერ ამ განცხადების შემდეგ, რუებმა კივში მდებარე ენერგეტიკულ ობიექტებზე განახორციელეს თავდასხმა.

13 სექტემბერს, ენერგეტიკულ ობიექტებზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ორი მხარის შეთანხმების გამოცხადებამდე, ტრამპმა მოუწოდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, თავი შეეკავებინა დიზელის საწვავთან დაკავშირებული რუსული ობიექტების დარტყმისგან. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ასეთი დარტყმები „მთელ მსოფლიოს აზიანებს".

დონალდ ტრამპი: „გლობალური დიზელის ფასების ზრდა, პირველ რიგში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომით არის განპირობებული და არა ირანით".

  • დმიტრი პესკოვი: „ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების უსაფრთხო ფუნქციონირების უზრუნველყოფა და ნავთობპროდუქტების წარმოების მოცულობის გაზრდა გლობალურ პრობლემებს არ წყვეტს. მთავარი პრობლემა ნავთობპროდუქტების გლობალურ ბაზრებზე ექსპორტია".

გარდა ამისა, ტრამპმა გლობალური საწვავის დეფიციტი რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტს დაუკავშირა და არა ახლო აღმოსავლეთში არსებულ კონფლიქტს.

ამის საპასუხოდ პესკოვმა გნაცხადა, რომ გლობალურ ნავთობის ბაზრებზე გაუარესებული ვითარების გათვალისწინებით, ტრამპის უკრაინისადმი მიმართვა „მხოლოდ მისასალმებელია", თუმცა, კრემლმა ენერგოდეფიციტის საკითხი, სხვა საკითხებთან ერთად, სპარსეთის ყურეში ესკალაციის ახალ რაუნდებს დაუკავშირა.

მაისის ბოლოდან რუსეთის რეგიონებმა საწვავის გაყიდვებზე სრული ან ნაწილობრივი შეზღუდვები დააწესეს, რამაც 80-ზე მეტ რეგიონში სერიოზული პრობლემები შემქნა. ივლისში, ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა დეფიციტი დრონების თავდასხმების გამო ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების ნაწილობრივ დახურვას მიაწერა. აგვისტოს ბოლოს მთავრობამ დიზელის, საზღვაო საწვავის და გაზის ნავთობის ექსპორტის აკრძალვა 30 სექტემბრამდე გააგრძელა, თუმცა, ნოვაკის თქმით, ზომები შედეგს იძლევა: შეზღუდვები იხსნება, მოქმედი ბენზინგასამართი სადგურების რაოდენობა იზრდება და რიგები მცირდება. სექტემბერში მან განაცხადა, რომ რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დაცულია არა უარესად და შესაძლოა უკეთესადაც, ვიდრე არაბთა გაერთიანებულ საემიროებში არსებული მსგავსი ობიექტები და რომ ნავთობკომპანიებმა საკუთარი სახსრები გამოყვეს დაცვისთვის და თანამშრომლობენ თავდაცვის სამინისტროსთან.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ენერგეტიკულ სექტორზე დარტყმები პრობლემებს ქმნის, მაგრამ ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე გავლენას არ ახდენს:

„ამჟამად გარკვეულ დეფიციტს ვხედავთ, მაგრამ ის კრიტიკული არ არის".

სექტემბერში ამერიკულმა „უოლ სთრით ჯორნალმა" გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ აშშ-ში დიზელის ფასები ერთ თვეში 14%-ით, ხოლო წლის განმავლობაში 60%-ზე მეტით გაიზარდა. გამოცემა ფასების ზრდას, სხვა მიზეზებთან ერთად, ჰორმუზის სრუტის ბლოკადა და უკრაინის კონფლიქტი მიაწერა. „ფოქსს ბიზნესმა" გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ დიზელის ფასების რეკორდული ზრდა რესპუბლიკელებისთვის ნოემბრის დასაწყისში დაგეგმილ შუალედურ საკონგრესო არჩევნებამდე „ახალ თავის ტკივილად" იქცა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მორატორიუმი ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმებზე გარკვეული ხნით შარშანაც მოქმედებდა. ის 2025 წლის 18 მარტს შემოიღეს და 30 დღის განმავლობაში გაგრძელდა. თავდასხმების აკრძალვა მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის მოლაპარაკებების შედეგი იყო.

საერთაშორისო ანალიტიკოსების პროგნოზით, ტრამპის ინიციატივა ერთი მხრივ, მნიშვნელოვანი მცდელობაა გლობალური ენერგოკრიზისის განსამუხტად, თუმცა რეალობაში ის უამრავ რისკს აწყდება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მსგავსი შეთანხმებები უკიდურესად მყიფეა, რასაც მყისიერად ადასტურებს კიდეც უკრაინული მხარის მიერ 15 სექტემბრის ღამეს განხორციელებული სავარაუდო დარტყმა - ზუსტად ისე, როგორც ეს 2025 წლის გაზაფხულის 30-დღიანი მორატორიუმის დროს მოხდა.

ეკონომიკური კუთხით, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ აშშ-ში დიზელის ფასების მკვეთრი ზრდა (ერთ თვეში 14%-ით და წლიურად 60%-ზე მეტით) მხოლოდ უკრაინის კონფლიქტით არ არის განპირობებული, მიუხედავად ტრამპის პოზიციისა. ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბულობა და ჰორმუზის სრუტის ბლოკადა, რაც გლობალურ ბაზარზე საწვავის დეფიციტსა და პოლიტიკურ წნეხს ზრდის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×