ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესი შეიძლება მუდმივად განახლებად სარჩელად იქცეს, რომლის საბოლოო კონფიგურაციაც მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენჯერმე შეიცვლება
თამთა ჩაჩანიძე
15.09.2026

„ქართული ოცნება" მესამე წრეზე მიდის და პარტიების აკრძალვის თაობაზე საკონსტიტუციო სარჩელს კიდევ ერთ პარტიას - „გახარია საქართვეოსთვის" ამატებს. ეს ავტომატურად გაზრდის სარჩელის განხილვის ვადას. ის ფაქტი, რომ ამას მმართველი პარტია უკვე მეორედ აკეთებს, გარკვეულ კითხვებს აჩენს, მათ შორის თავად „ოცნების" მხარდამჭერებში.

„კოლექტიური ნაცმოძრაობის" აკრძალვა ბოლო რამდენიმე არჩევნებზე „ოცნების" ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო, თუმცა ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მხოლოდ 2025 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ დაიწყო, რომელიც ოპოზიციის მიერ დაანონსებული არშემდგარი გადატრიალების ფონზე ჩატარდა.

პირველი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართულმა ოცნებამ" 2025 წლის 31 ოქტომბერს შეიტანა და 3 პარტიის აკრძალვა მოითხოვა - ენმ, „ახალი" და „ლელო". სასამართლოს სარჩელის განხილვისთვის 9 თვე ჰქონდა და შესაბამისად, გადაწყვეტილება წელს ივლისის ბოლომდე უნდა გამოცხადებულიყო.

2026 წლის 20 აპრილს მმართველმა პარტიამ ძველი სარჩელი უკან გამოითხოვა და მეორე დღეს სასამართლოში ახალი შეიტანა, სადაც იმავე სამ პარტიას „ფედერალისტები" დაემატა. შესაბამისად, განხილვის ვადამაც 2027 წლის იანვრამდე გადაიწია.

ამჯერად „ოცნებას" ისევ გამოაქვს სარჩელი და მასში პარტიას „გახარია საქართველოსთვის" ამატებს, რაც ნიშნავს, რომ განხილვის ვადა ამჯერად უკვე 2027 წლის იავლისამდე გადაიწევს.

ასეთ ვითარებაში ბუნებრივად ჩნდება კითხვა: ხომ არ იქცევა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესი მუდმივად განახლებად სარჩელად, რომლის საბოლოო კონფიგურაცია მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენჯერმე შეიცვლება? 

ანალიტიკოსთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ „ოცნება" დროს წელავდეს 2028 წლის

არჩევნებამდე და არც ისაა გამორიცხული, რომ რამდენიმე პარტია კიდევ დაამატოს სარჩელს.

კიდევ ერთი მნიშნელოვანი საკითხია, თუ რატომ ამატებენ ამ სარჩელში კონკრეტულად ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას.

გასული წლის ოქტომბერში, მას შემდეგ, რაც გახარიას პარტიამ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „გახარიას პარტიამ პარლამენტში შემოსვლით აკრძალვის სარჩელისგან გადაირჩინა თავი".

დღეს „ოცნებაში" აცხადებენ, რომ პარტიამ „გახარია საქართველოსთვის" ეს შანსი არ გამოიყენა.

კითხვაზე, მოატყუეს თუ არა პარტიები მაშინ, როცა ნათქვამი იყო, რომ თუ პარლამენტში შევიდოდნენ, მათ აკრძალვაზე არ შეიტანდნენ სარჩელს, „ოცნების" დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა უპასუხა, რომ მათ არ მოუტყუებიათ.

„ჩვენ არაფერი არ მოვატყუეთ. რას მიჯერებ მე, კაცო? შენი ტვინი ხომ გაგაჩნია, გააკეთე ის, რასაც აკეთებ! ჩემზეა დამოკიდებული თქვენ რა გადაწყვეტილებას მიიღებთ? თუ ჩემზეა დამოკიდებული თქვენ რა გადაწყვეტილებას მიიღებთ, ამოიღეთ ფურცელი და ახლავე ჩაგაწერინებთ, რას ვისურვებდი, რომ თქვენ მიიღოთ ეგეთი გადაწყვეტილება", - აღნიშნა შარმანაშვილმა.

მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში თავად გიორგი გახარია გამოეხმაურა:

„ივანიშვილის რეჟიმმა პარლამენტში ერთი ოპოზიციური პარტიაც კი ვერ აიტანა, რადგან მათ კრიტიკული ხმისთვის პასუხის გასაცემად არაფერი აქვთ - აგვკრძალავენ თუ არა, დემოკრატიის აღსადგენად და ევროპულის გზის დასაცავად უკან არ დავიხევთ".

აქვე უნდა ითქვას, რომ აკრძალვის მოთხოვნის მიუხედავად, „ოცნება" არ ითხოვს „გახარია საქართველოსთვის" წევრებისათვის პარლამენტსა და რეგიონალურ საკრებულოებში მანდატების გაუქმებას.

„ამ სარჩელის პირობებში ჩვენ არ გვაქვს მოთხოვნილი მანდატების შეწყვეტა დეპუტატებზე პარლამენტსა თუ საკრებულოებში. სარჩელი შედგენილია ძალიან ბევრი უტყუარი ფაქტით", - განაცხადა „ოცნების" დეპუტატმა ირაკლი კირცხალიამ.

„ოცნების" მხარდამჭერების რეაქცია სარჩელის შეტან-გამოტანაზე

კითხვაზე, როგორი რექაცია იქნება „ოცნების" მხარდამჭერებში სარჩელის შეტან-გამოტანაზე და იმოქმედებს თუ არა ეს მმართველი პარტიის რეიტინგზე, ანალიტიკოსმა ზაალ ამჯაფარიძემ გვითხრა, რომ შესაძლოა რეაქცია არაერთგვაროვანი იყოს, თუმცა დაზუსტებით რომ გავიგოთ, სოციოლოგიური გამოკითხვა უნდა ჩატარდეს.

„ალბათ არაერთგვაროვანი რეაქცია იქნება, იმიტომ, რომ მაშინ თავიდანვე უნდა შეეტანათ,

ადრეც იცოდნენ გახარიას პარტია რას წარმოადგენდა. „ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ჩვენ მათ შანსი მივეცით, მაგრამ მათ ეს ვერ გამოიყენესო.

„როგორც ჩანს, მაინც ეს გამყარებულია იმით, რომ ალბათ საკონსტიტუციო სასამართლოში მართლაც არაა ამ საკითხთან დაკავშირებით ერთსულოვნება. ვერ გეტყვით თავად „ქართული ოცნების" ამომრჩევლები რას ამბობენ, სოციოლოგიური გამოკითხვა უნდა ჩატარდეს, რომ გავიგოთ მათი აზრი, წინასწარ ჰაერზე ხომ ვერ ვისაუბრებთ.

„რა როგორ აღიქმება, ეს ადამიანის ბუნებაზეა დამოკიდებული. მე პირადად მიმაჩნია, რომ შეეძლოთ ეს ყველაფერი ერთ პაკეტში მოექციათ. შესაძლოა ერთმა ნაწილმა თქვას, რომ სარჩელების შეტანა-გამოტანა გამართლებულია პოლიტიკური კონიუქტურიდან გამომდინარე. ვნახოთ ვისი შეხედულება იქნება დომინირებადი", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

  • პაატა ზაქარეიშვილი: „ოცნება" პარტიების აკრძალვას არ ჩქარობს. მათ თვითონ არ იციან, საბოლოო ჯამში აკრძალავენ თუ არა. ეს საკმაოდ რაციონალური, ფარისევლური, უღირსი პოლიტიკაა, მაგრამ არა კომიკური."

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ რეიტინგის თვალსაზრისით „ოცნებას" ამ გადაწყვეტილების გამო პრობლემა არ შეექმნება.

„მხარდამჭერებში ჩაითვლება, რომ ეს ასე იყო საჭირო, არაფერი განსაკუთრებული არ იქნება. მაგრამ ამ დროს მუშაობს ის თეორია, რასაც მე ვამბობდი ყოველთვის - რომ „ოცნება" პარტიების აკრძალვას არ ჩქარობს. მათ თვითონ არ იციან, საბოლოო ჯამში აკრძალავენ თუ არა. ეს საკმაოდ რაციონალური, ფარისევლური, უღირსი პოლიტიკაა, მაგრამ არა კომიკური. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი, მანიპულაციური კპოლიტიკა", - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

რატომ მაინცდამაინც გახარიას პარტია

როგორც აღნიშნულ საკითხზე ზაალ ანჯაფარიძე გვეუბნება, შესაძლოა „ოცნების" გადაწყვეტილების ლოგიკა ამაშია, რომ გახარიამ „შანსი არ გამოიყენა".

  • ზაალ ანჯაფარიძე: „როგორც ჩანს, მაინც ეს გამყარებულია იმით, რომ ალბათ საკონსტიტუციო სასამართლოში მართლაც არაა ამ საკითხთან დაკავშირებით ერთსულოვნება."

„გახარიას პარტიამ პარლამენტში შესვლით, ფაქტიურად, პოლიტიკურად თავი გადაირჩინა

და ახლა „ქართული ოცნების" ლოგიკა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ხელი შევუწყვეთ, არ შევუწყვიტეთ მანდატები და შესაბამისად, მივეცით შანსი, რომ კონსტრუქციულად, ცივილიზებულ, ნორმალურ საპარლამენტო ოპოზიციად ჩამოყალიბებულიყვნენ. დღეს იყო, ხომ, ფრაქციის ხელმძღვანელის, ბატონ კირცხალიას განცხადება, რომ ისინი დესტრუქციულ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდნენო. როგორც ჩანს ეს დაედო საფუძვლად „ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, რომ შეიტანოს სარჩელი მათ აკრძალვაზე", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

პაატა ზაქარეიშვილი კი გვეუბნება, რომ „ოცნებისთვის" მთავარი პროცესის გაჭიანურებაა და პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ასაკრძალთა სიაში.

„მანამდე „ფედერალისტები" დაამატეს და რატომ მაინცდამაინც „ფედერალისტები"? რიგში აღმოჩნდნენ, თანაც გახარია უკვე გასამართლებულია, მის მიმართ აქვთ შიშები, რომ ის „ქართული ოცნების" ხმებს წაიღებს, იქიდან მოდის მაინც. გახარია პრემიერ-მინისტრი იყო, გარკვეულწილად ეს ჩორჩანას საქმე და რაღაც-რაღაცები... მერე სხვა პარტია შეიძლება გამოჩნდეს და ამაზეც ასეთი კითხვა დაიბადება. მაგას არა აქვს მნიშვნელობა. იპოვიან მიზეზს, როგორ გაწელონ დრო, რათა არ აკრძალონ პარტიები", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

გაწელავს თუ არა დროს „ოცნება" 2028 წლის არჩევნებამდე

ზაალ ანჯაფარიძე გვეუბნება, რომ ვადები მხოლოდ სასამართლოს დისკრეციაა:

„არჩევნებამდე საკმაო დროა დარჩენილი და სავსებით მოსალოდნელია, რომ ეს (აკრძალვა) არჩევნებამდე მოხდეს. ვადები კი მხოლოდ და მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრეციაა და სხვა ვერავინ ჩაერევა, რომ დაუდგინოს ვადა, ან რა გადაწყვეტილება გამოიტანოს".

კითხვაზე, ამ დროის განმავლობაში თუ შეიძლება „ქართულმა ოცნებამ" კიდევ დაამატოს პარტიები, ანჯაფარიძემ გვითხრა:

„ამაზე პასუხის გამცემა მიჭირს, თუმცა მეინსტრიმული პარტიებიდან ვინღა დარჩა?

„ფედერალისტები" შესაძლოა მომცრო პარტიაა, მაგრამ თავიანთი ნიშა აქვთ იმ კუთხთით, რომ უფრო ფართო საერთაშორისო კავშირები აქვთ და საერთაშორისო არენაზე „ქართული ოცნებისთვის" პრობლემების შექმნას ცდილობენ, რაც ასე თუ ისე, სხვადასხვა ხარისხით მაინც ვნებს ქვეყანას და ამით ქვეყნის იმიჯი ზიანდება", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

პაატა ზაქარეიშვილი კი დარწმუნებულია, რომ „ოცნება" დროს წელავს და ეცდება პროცესი 2028 წლის არჩევნებამდე გააჭიანუროს.

„უნდათ დრო გაწელონ - დააკვირდნენ როგორი სიტუაცია იქნება ფრონტზე უკრაინაში, რა სიტუაცია იქნება არჩევნებამდე. ამიტომ სულ მაგას ვამბობდი, რომ მაქსიმალურად ეცდებიან და ყველაფერს გააკეთებს, რათა 2028 წლის მაის-ივნისამდე გაწელოს შესაძლო აკრძალვა-არაკრძალვის საკითხი და მაშინ მიიღონ გადაწყვეტილება.

„როგორც კი აკრძალავენ, მაშინ წამოვა საშინელი სანქციები ევროპიდან და აკრძალული პარტიები გადაჯგუფდებიან, გადმოჯგუფდებიან, გამსხვილდებიან, ამან შეიძლება გამოიწვიოს საზოგადოებაში მღელვარება. მათ ეს არ უნდათ. ამიტომ უნდა აშანტაჟონ საზოგადოება, პარტიები, დამოკლეს მახვილივით ჩამოკიდონ.

„2028 წლის მაისი იმიტომ, რომ მერე ზაფხული მოდის, ევროპას არ ეცხელება სანქციებზე, არდადეგები გამოცხადდება. ასე რომ, დროს მოიგებენ, რათა მინიმუმზე დაიყვანონ უარყოფითი რეაქცია ამ პარტიების აკრძალვის გამო. შეიძლება 28-ში იანვარში აკრძალონ, პრობლემა კი არ არის. მე ვლაპარაკობ, რომ არჩევნებთან რაც შეიძლება ახლოს უნდა მიაგორონ აკრძალვის გადაწყვეტილება", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×