
კახეთის რეგიონში 2026 წლის რთველი დაიწყო. სეზონისა და მიმდინარე პროცესების ოფიციალური დეტალები უკვე ცნობილია - წლევანდელი მოსავლის პროგნოზი დაახლოებით 320 000 ტონას შეადგენს, ხოლო ორგანიზაციული პროცესი რამდენიმე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური სიახლით და ფასების ახალი მიდგომით ხასიათდება.
ყურძნის კრეფა თანდათან აქტიურ ფაზაში გადადის. პროცესის გამჭვირვალობისა და ოპერატიულობისთვის მკაცრი სტანდარტებია დაწესებული, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან მზაობა გამოთქმულია, რომ რეგიონში არსებული ჭარბი მოსავალი სრულად იქნას მიღებული და გადამუშავებული. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ეკოლოგიურად სუფთა, ბიოდინამიკურ ვენახებსა და ტრადიციულ, ქვევრში დაყენებულ ღვინოებზე, რომლებზეც საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნა რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახეს შესაძლებლობა ექნება, ყურძენი უპრობლემოდ დააბინაოს. ამ მიზნით, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთში მოწეულ ყურძენს ფიზიკური პირებისგან დადგენილი პირობების შესაბამისად ჩაიბარებს.
კონდიციური და დაუზიანებელი საფერავის, რომლის შაქრიანობა არანაკლებ 21%-ია, ფასი 1,50 ლარით განისაზღვრება. არაკონდიციური საფერავის შემთხვევაში, რომლის შაქრიანობა 17%-დან 21%-მდეა ან/და ყურძენი ნაწილობრივ დაზიანებულია, ფასი 0,90 ლარი იქნება. 17%-ზე ნაკლები შაქრიანობის ან/და დაზიანებული საფერავის ფასი 0,30 ლარით განისაზღვრება.
„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართული ვაზის ჯიშებისგან მოწეული სხვა ყურძნის შემთხვევაში, შაქრიანობის არანაკლებ 20%-ის მქონე და დაუზიანებელი ყურძნის ფასი 1,30 ლარი იქნება. 17%-დან 20%-მდე შაქრიანობის შემთხვევაში ფასი 0,80 ლარს, ხოლო 17%-ზე ნაკლები შაქრიანობის შემთხვევაში 0,30 ლარს შეადგენს.
მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ,,რეზონანსთან“ ღვინის ეროვნული სააგენტოს მევენახეობა-მეღვინეობის ანალიზისა და რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა ალექსანდრე კობერიძემ ისაუბრა. მისი ინფორმაციით, რთველი წარმატებულად და ორგანიზებულად მიმდინარეობს, სადაც სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს პროცესის მხარდაჭერას, მოსავლის შეუფერხებელ მიღებასა და ფერმერებისთვის ოპერატიული პირობების შექმნას.
„მიმდინარე რთველის მთავარი სიახლე ის არის, რომ დაწესდა სამი განსხვავებული დიფერენცირებული ფასი. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი პროცესის ტექნოლოგიური გამჭვირვალობაა - რთველი ტარდება ელექტრონული სასწორებით, ხოლო ყურძნის შაქრიანობა ავტომატური შაქრის მზომი ხელსაწყოთი განისაზღვრება, რაც ადამიანურ ფაქტორს სრულად გამორიცხავს.
სახელმწიფო სრულად მზადაა, კახეთის რეგიონში ჭარბი ყურძენი მიიღოს და გადაამუშაოს. ამისათვის იმდენ საწარმოს იქირავებს, რა საჭიროებაც იქნება. მოლოდინია, რომ მოსახლეობას რიგებში ღამის თევა არ მოუწევს და ჩაბარება სეზონის განმავლობაში ოპერატიულად წარიმართება. განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ყურძნის ხარისხსა და შაქრიანობის მაჩვენებლებს, რადგან გლობალურ ბაზარზე ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობა პირდაპირ არის დამოკიდებული ნედლეულის ხარისხზე.
სახელმწიფო შტაბი ადგილზე იმუშავებს იმისათვის, რომ პროცესმა შეფერხებების გარეშე ჩაიაროს. ბოლო ინფორმაციით, კახეთში დაახლოებით 320 000 ტონამდე ყურძენს ველოდებით. რთველი უკვე დაწყებულია, ძირითადად, დედოფლისწყაროს რაიონში. რამდენიმე დღეში პროცესი გურჯაანსა და კახეთის მთელ ტერიტორიას მოიცავს, გარდა საგარეჯოსი“, - განაცხადა "რეზონანსთან" ალექსანდრე კობერიძემ.
ხარისხთან დაკავშირებით მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამინდს ყურძნის ხარისხზე უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია.
,,კლიმატის ნეგატიური გავლენა არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხული წვიმიანი იყო, სექტემბრიდან მოყოლებული, უნალექო ამინდია, რაც ყურძენს შაქრიანობის ნორმალურ ათვისებაში ეხმარება და ამ მხრივ პრობლემა არ იქნება, “ - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ალექსანდრე კობერიძემ.
რთველის საკოორდინაციო შტაბი ქალაქ გურჯაანშია განთავსებული. შტაბის მუშაობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი რთველის დაწყებამდე გაეცნო. მინისტრმა მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების, ყურძნის ხარისხის გაუმჯობესებისა და ხარისხის მიხედვით დიფერენცირებული ფასების პოლიტიკის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდაჭერა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია. დარგის მდგრადი და გრძელვადიანი განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონკურენტუნარიანი და მაღალი ღირებულების პროდუქციის წარმოება, რაც, საბოლოო ჯამში, ქართული ღვინის პოზიციებსა და საერთაშორისო ბაზრებზე მის კონკურენტუნარიანობას განსაზღვრავს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ყურძნის ხარისხის მიხედვით დიფერენცირებული ფასების დანერგვა. აღნიშნული მიდგომა გასულ წელს რთველის პერიოდში წარმატებით დაინერგა და მევენახეებს მისცა დამატებითი სტიმული, ეზრუნათ ყურძნის კონდიციურობასა და სათანადო მაჩვენებლებზე. წელს კიდევ უფრო მეტ აქცენტს ვაკეთებთ ამ მიმართულებაზე, რაც ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესებასა და საერთაშორისო ბაზრებზე ჩვენი საექსპორტო პოზიციების გაძლიერებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
შტაბი 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს. რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელი ხაზის ნომრებზე: 1501 და 032 219 37 18.
