
„გურამ დადიანიძე მამიდას ფსიქოლოგთან დაჰყავდა და მას წამლები ჰქონდა დანიშნული. აღნიშნულთან დაკავშირებით გარკვეული შეკითხვები არსებობს“ - ამის შესახებ ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ გადაცემაში „შენი ამბავი თაიასთან“ განაცხადა. ადვოკატის თქმით, ეს ინფორმაცია მას მიაწოდა ჯუმბერ ბუჩაშვილმა, რომელიც გურამ დადიანიძის სამძებრო სამუშაოებში იყო ჩართული.
„მე შევხვდი ჯუმბერ ბუჩაშვილს. მისი ინიციატივა იყო. ის უძღვებოდა სამძებრო საქმეს. როდესაც შევხვდი, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაცია მომაწოდა. თუნდაც იმასთან დაკავშირებით, რომ მამიდას გურამი ფსიქოლოგთან დაჰყავდა. მას წამლები ჰქონდა დანიშნული და გურამი წამლებს იღებდა. აღნიშნულთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული შეკითხვები“, - ამბობს ადვოკატი.
ტარიელ კაკაბაძემ ასევე აღნიშნა, რომ გამოკითხვის ოქმებში ფსიქოლოგზე და ფსიქიატრზეც არის საუბარი.
„გამოკითხვის ოქმებში ფსიქოლოგზე, ფსიქიატრზე და წამლებზეა საუბარი, რომელსაც მამიდა ასმევდა გურამ დადიანიძეს. საგამოძიებო ორგანოს მოვთხოვეთ დაადგინონ ფსიქოლოგის და ფსიქიატრის ვინაობა, ვინც პირადად ხვდებოდა გურამს. ჯერჯერობით არ დაუდგენია.
მინდა, მივმართო ფსიქოლოგსაც და ფსიქიატრსაც, გამოჩნდნენ, ითანამშრომლონ ჩვენთან და მოგვაწოდონ ინფორმაცია. მათ შესაძლოა, ისეთი ინფორმაცია ჰქონდეთ, რომელმაც შეიძლება სხვადასხვა კვალზე გაგვიყვანოს და დაგვეხმაროს საქმის გახსნაში“, - განცხადა ტარიელ კაკაბაძემ.
მისივე თქმით, ჯუმბერ ბუჩაშვილი ამბობს, რომ აღნიშნულ საქმეზე მხოლოდ თვე-ნახევრის განმავლობაში მუშაობდა.
„ჯუმბერ ბუჩაშვილს კომუნიკაცია მერეც ჰქონდა სოფოსთან. ადამიანური ფაქტორის გამო ურთიერთობდა სოფოსთან. როცა თვე-ნახევარში სამძებრო საქმე დასრულდა, რატომ მაშინვე არ დაიწყეს გამოძიება და რატომ დაიწყეს 3 წელში? ეს მაფიქრებინებს, რომ სავარაუდოდ, გავლენიან პირებს საგამოძიებო ორგანო მფარველობდა. მერე მოიგონეს მეწყერის ვერსია და მიჩქმალეს ეს საქმე“, - განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.